WizzAir

კანდელაკი: ბახტაძე სხვა ავიაკომპანიას დაუახლოვდა და WIZZAIR-ს განრიგის დამტკიცებას უჭიანურებენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, ხელისუფლება ავიაბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას ცდილობს და ამის გამო კომპანია WIZZ AIR-ს პრობლემებს უქმნის. ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, თავი დაანებონ კომპანიების ლობირებას. კანდელაკი ამბობს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.

"მოგეხსენებათ, Wizzair ყველაზე დიდი გადამზიდავია საქართველოს ავიაბაზარზე. ამ კომპანიის გამოჩენამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეეებს შესაძლებლობა მისცა, შედარებით იაფად მგზავრობის, საქართველოში კი ტურისტული ნაკადი გაზარდა. დღეს, იმის გამო, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ სხვა ავიაკომპანიას დაუახლოვდა, ჭიანურდება WIZZ AIR-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება. ასე ზღუდავს კონკურენციას ქართულ ავიაბაზრზე საქართველოს მთავრობა. ეს კი დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და შეამცირებს ტურისტულ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში. 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი აიღონ ამ მავნე და არასწორ გადაწყვეტილებაზე და შეასრულონ ის გეგმა, რაც არსებობდა აეროპორტის შექმნისას. იმის მაგივრად, რომ სხვა კომპანიებიც შემოიყვანონ ბაზარზე, არსებულ კომპანიებსაც კი პრობლემებს უქმნიან“, - თქვა კანდელაკმა.

ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობა Wizzair-ს შეზღუდვებს უწესებს და პრობლემებს უქმნის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. უწყების მტკიცებით, "WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში". 

განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია Wizzair-მაც და აღნიშნა, რომ "იშვიათად აკეთებენ კომენტარს სპეკულაციებზე". ავიაკომპანიამ ცხადად მხოლოდ ის თქვა, რომ მათი მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ" 

კომენტარები