თბილისში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამზადებული და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდი 5700 დოლარად გაიყიდა.
ცნობილი ადამიანების წარდგენილი ნივთების ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონიდან შემოსული თანხით უმწეო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლის მშენებლობა იგეგმება.
აუქციონი, სადაც სულ 50-მდე ლოტი იყო წარმოდგენილი, The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის "სახე(ლ)ების" მიერ ორგანიზებულ საუკუნისა და წლის სახე(ლ)ების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა.
ცერემონიაზე The New York Times Turning Points-მა საქართველოს პრეზიდენტსა და კათალიკოს-პატრიარქს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს განსაკუთრებული პრიზი, რომლითაც The New York Times-ი სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეს ყოველწლიურად აჯილდოებს, შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისათვის გადაეცა.
დაჯილდოების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
"თქვენო უწმინდესობავ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ მნიშვნელოვან და ჰუმანურ საქმეს თქვენი ლოცვა-კურთხევა და მატერიალური მხარდაჭერა წაუმძღვარეთ. ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქველმოქმედებას და ამავე დროს, გავიღებთ ჩვენი საზოგადოების გაჭირვებული წევრების მიმართ, გვქმნის და გვაყალიბებს ჩვენ საზოგადოებად იმიტომ, რომ იმ განსხვავებულობის ფონზე, რომელიც ამშვენებს თითოეულ ინდივიდს, ან საზოგადოებრივ ჯგუფს, ან ამა თუ იმ შეხედულებას, გამაერთიანებელი ღირებულებების მნიშვნელობა არის ის, რაც ქმნის და ამთლიანებს ერს. ასეთი ღირებულების ირგვლივ შევიკრიბეთ ჩვენც", - თქვა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ტოლერანტობა, შემწყნარებლობა ქართული საზოგადოების მონაპოვარია და გასაფრთხილებელია.
"პოლიტიკა - სფერო, რომელსაც მე წარმოვადგენ, პოლიტიკური ცხოვრება და ის პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც არსებობს საქართველოში, შეიძლება ითქვას, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუ სწორად გავაშუქებთ და წარმოვაჩენთ მსოფლიოს წინაშე. ჩვენი ტოლერანტობა, როგორც საზოგადოების, რომელიც თავის თავში ავითარებდა და იფარავდა ებრაულ თემს, უნარი ჩვენი მეფეებისა, ყოფილიყვნენ გამარჯვებულები ურთულეს რელიგიურ ბრძოლებში და, ამავე დროს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მიმართ გამოეჩინათ შემწყნარებლობა, ის უნარები, რომლითაც ხასიათდება ჩვენი შუასაუკუნეობრივი კულტურა და ტრადიციები, რასაც ჩვენ ვაჟა-ფშაველა გვიზიარებდა, ჩვენი ღირებულებები, ასევე ქართული საზოგადოების მონაპოვარია. ეს ტოლერანტობა გასაფრთხილებელია ისევე, როგორც ქართული ენა და ქართული ფოლკლორი, როგორც ნაწილი ჩვენი კულტურული იდენტობისა", - თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზით საქართველოს პირველი ლედიც დაჯილდოვდა. მაკა ჩიჩუას გამომცემლობისგან საყოველთაო სიმპათიის პრიზი გადაეცა.
გარდა ამისა, "სახე(ლ)ების" სიმბოლური პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ქართული კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის კომპოზიტორი გია ყანჩელი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ფერმწერი და სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი და მხატვარი დიმიტრი ერისთავი.