არჩევნები 2018

შს მინისტრის მოადგილე: მზად ვართ ისეთივე წარმატებით დავიცვათ უსაფრთხოება, როგორც I ტურის დროს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად არის მობილიზებული.

ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიცია მზად არის ისეთივე წარმატებით დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც პირველი ტურის დროს.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ "ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები" ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც სამწუხაროა.

"სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, არ დადასტურდა. ამასთან, პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დადგა შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - ამბობს მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, დანაშაულის ფაქტები ეფექტიანად აღკვეთეს და თავიდან აიცილეს.

"პოლიცია დაუყოვნებლივ ახდენდა რეაგირებას დანაშაულის ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით რეგიონებში იმატა.

"უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, სადაც მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, ხვალ პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულნი.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას დღის განმავლობაში პერიოდულად მიაწვდიან.

მინისტრის მოადგილის თქმით, არც ერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.

"აქვე მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას;

არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით თითოეული პოლიციელი დაიცავს კანონს. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ მიდგომა იქნება თანაბრად მკაცრი; პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ხვა, 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.

კომენტარები