არჩევნები 2018

ცესკო: ყველა უბანი დროულად გაიხსნა

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

უწყებაში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

ცესკოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხმის მიცემა ფარულია და დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. უწყების განმარტებითვე, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ცესკოში დღეს გამართულ პირველ ბრიფინგზე ამომრჩეველს შეახსენეს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

უწყების პრესსპიკერი ასევე განმარტავს, რომ ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ ცესკო საინფორმაციო ბრიფინგებს მთელი დღის განმავლობაში გამართავს.

"შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია. ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური პირველად ტარდება. ასევე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები (3 703 + 11 საგამონაკლისო) 20:00-ზე დაიხურება, ხოლო საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველს 55 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 00:00-მდე შეეძლება. რაც შეეხება ავღანეთს, ქართველმა სამხედროებმა კენჭისყრაში მონაწილეობა 26 ნოემბერს მიიღეს. მათი ბიულეტენებიც 28 ნოემბერს დაითვლება, მას შემდეგ, რაც საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცესი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები