არჩევნები 2018

ტვ პირველი: გლდანში ჩვენს ჟურნალისტს სახეში ჩაარტყეს

0 კომენტარი

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, გლდანში მათ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დიანა ტრაპაიძის თქმით, თათია ჩაფიჩაძეს გლდანში იმყოფებოდა, საიდანაც ავტობუსებით ამომრჩეველი რეგიონებში მიჰყავთ და ვიდეოს მობილური ტელეფონით იღებდა, რა დროსაც სახეში ჩაარტყეს.

ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა.

როგორც მან ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, ახმეტელის მეტროს ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებული ადამიანები, რომლებსაც ეცვათ მაისურები წარწერით "არა ნაციზმს". ჟურნალისტი ამბობს, რომ დაინტერესდა მათი იქ ყოფნის მიზეზით, რადგან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულან. ჩაფიჩაძის თქმით, მათი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ვიდეოს მობილურით იღებდა და იქ ყოფნის მიზეზს ეკითხებოდა.

"ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან კონკრეტული დაჯგუფებები, წარწერით მაისურებზე - "არა ნაციზმს". ისინი ამბობენ, რომ სახალხო მოძრაობა უზრუნველყოფს ადამიანების ტრანსპორტირებას და ამ გზით ხმის მიცემის პროცედურების გამარტივებას. ჩვენ დავინტერესდით რა მიზნით იმყოფებოდნენ უბანთან, რადგან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისინი ადგილიდან არ დაძრულან. გვაქვს ამის ვიდეო და ფოტო მასალაც, გამოირჩეოდნენ აგრესიით. კითხვაზე, თუ რატომ არიან მოსულები, რამდენიმე მათგანი შეეცადა ჩემთვის ტელეფონის წართმევას, იყო ფიზიკური შეურაცხყოფაც - რამდენიმე ქალმა სცადა ხელის სახეში ჩარტყმა და ტელეფონის ამ გზით წართმევაც", - ამბობს თათია ჩაფიჩაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს უთხრა, რომ ჟურნალისტია, თუმცა გადაღების საშუალებას მაინც არ აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.

"კონკრეტული პასუხი, თუ რატომ არ მქონდა გადაღების უფლება, არ ჰქონდათ. მათ უბრალოდ არ სიამოვნებდათ ჩემი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყვნენ ერთი საათის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე", - თქვა ჟურნალისტმა.

ტვ პირველი თათია ჩაფიჩაძის მიერ გადაღებული ვიდეოს ნაწილსაც აქვეყნებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები