არჩევნები 2018

ცესკო: კანონდარღვევა არაა, თუ ამომრჩეველი იტყვის ვის მისცა ხმა, თუმცა უმჯობესია თავი შეიკავონ

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეხმაურებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლების ნაწილმა მათი არჩევანის შესახებ დამკვირვებლებს აცნობა.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ეს კანონდარღვევა არ არის, თუმცა ამომრჩეველს მოუწოდებენ, ამგვარი ქმედებისგან თავი შეიკავოს.

"იმ შემთხვევაში, თუკი თავად ამომრჩეველი აცნობებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის მისცა ხმა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს დარღვევა არ არის. თუმცა საარჩევნო უბანზე ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან", - თქვა ანა მიქელაძემ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია და ხმის მიცემის პროცესი არის ფარული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება. კერძოდ:

  • ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;
  • ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - "ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის" დამკვირვებელს;
  • ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.
  • გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი "კავშირი 21-ე საუკუნის" დამკვირვებელს აჩვენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები