არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: ჩვენი ოპონენტები და რუსთავი 2 ცდილობენ წარმოაჩინონ დაძაბული საარჩევნო ფონი

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობაზე და გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა:

"არჩევნების პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადასტურებენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა,სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების და რუსთავი 2-ის მხრიდან ადგილი აქვს და მცდელობა არის რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი.

სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელებული იქნა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპოლიციო ძალები გადანაწილებულნი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის მანძილზე, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. 

ამიტომ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეეცდებიან პროცესების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევა იყოს და ეს ასე არ არის.

მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშავეთ მშვიდად. გვაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ კანონისმიერი პასუხით უპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას, რაც თქვენს მიმართ შეიძლება განხორციელდეს.

ყველა დარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებს თავისუფალ გარემოში ჰქონდეთ თავიანთი ნების დააფიქსირების საშუალება, შესაბამისად არ მისცეთ არავის შესაძლებლობა დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში,. ეს არის მოწოდება პირველ რიგში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და შემდგომ დანარჩენი პირების მიმართ, რომელნიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.26%-ია. ეს არის 255 251ამომრჩეველი.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავარი დარღვევა, რაც უბნებზე ამ დროისთვის გამოიკვეთა, ამომრჩევლის ნების კონტროლი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა.

კომენტარები