არჩევნები 2018

ცესკო ფულის დარიგებაზე: არასასიამოვნოა და შევისწავლით, მთავარია არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა 100-100 ლარი დაურიგეს.

უწყების პრესსპიკერის თქმით, ეს ფაქტი არასასიამოვნოა და საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის, თუმცა დღეს მთავარია არჩევნების პროცესმა მშვიდად და გამჭვირვალედ ჩაიაროს.

"საოლქო საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე კანონით დადგენილ ვადებში შეისწავლის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, თუმცა ჩვენთვის დღეს მთავარია საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს მშვიდ, გამჭვირვალე ვითარებაში, ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ვერ დაგიდასტურებთ ნამდვილად მოხდა თუ არა, მე გიდასტურებთ, რომ მათ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გავეცანით", - თქვა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ უბნებზე საოლქო საარჩევნო კომისიები საკუთარ წარმომადგენლებს გაგზავნიან.

გუშინ, 27 ნოემბერს ISFED-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა 100-100 ლარი დაურიგეს. "სამართლიანი არჩევნების" ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებელი დაუკავშირდა 8 კომისიის თავმჯდომარეს, რომლებიც ოლქის მიერ არიან დანიშნული და ყველა მათგანმა საუბრისას დაადასტურა, რომ ე.წ. "კვების თანხა" ნამდვილად მიიღეს "ქართული ოცნების" კოორდინატორებისგან. 4 მათგანზე "სამართლიან არჩევნებს" შესაბამისი მტკიცებულებები მოეპოვება.

"კომისიის თავმჯდომარეებისთვის პარტიის წარმომადგენელთა მიერ ფულის გადაცემა, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ეს, აკრძალულია და წარმოადგენს უკანონო ქმედებას, კერძოდ, მოსყიდვას", - აღნიშნავენ ISFED-ში

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები