არჩევნები 2018

ცესკო: რამდენიმე უბანზე ამომრჩეველს აღრიცხავდნენ, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი ამომრჩევლებს აღრიცხავდა და გარკვეულ მონაცემებს ამუშავებდა, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით.

"შევახსენებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე  ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება", - თქვა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

გარდა ამისა, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმის N17 უბნიდან დამკვირვებლის გაძევების და ქობულეთის N38 უბანზე აგიტაციის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოხდა და პრობლემა აღმოფხვრილია.

ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია აგიტაცია საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში, სადაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დასაშვებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა 100-100 ლარი დაურიგეს.

უწყების პრესსპიკერის თქმით, ეს ფაქტი არასასიამოვნოა და საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის, თუმცა დღეს მთავარია არჩევნების პროცესმა მშვიდად და გამჭვირვალედ ჩაიაროს.

"საოლქო საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე კანონით დადგენილ ვადებში შეისწავლის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, თუმცა ჩვენთვის დღეს მთავარია საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს მშვიდ, გამჭვირვალე ვითარებაში, ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ვერ დაგიდასტურებთ ნამდვილად მოხდა თუ არა, მე გიდასტურებთ, რომ მათ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გავეცანით", - თქვა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ უბნებზე საოლქო საარჩევნო კომისიები საკუთარ წარმომადგენლებს გაგზავნიან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეხმაურებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლების ნაწილმა მათი არჩევანის შესახებ დამკვირვებლებს აცნობა.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ეს კანონდარღვევა არ არის, თუმცა ამომრჩეველს მოუწოდებენ, ამგვარი ქმედებისგან თავი შეიკავოს.

"იმ შემთხვევაში, თუკი თავად ამომრჩეველი აცნობებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის მისცა ხმა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს დარღვევა არ არის. თუმცა საარჩევნო უბანზე ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან", - თქვა ანა მიქელაძემ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია და ხმის მიცემის პროცესი არის ფარული.

გარდა ამისა, ანა მიქელაძემ ისაუბრა პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, გარდაბნის N8 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და ხელი მოაწერეს. ცესკოს პრესსპიკერის თქმით, მოხდა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი უბნიდან ამოღებულია.

"გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის N8 საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია  უბნიდან", -თქვა ანა მიქელაძემ.

მისივე ცნობით, ინფორმაცია, თითქოს დიდუბის N29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანა მიქელაძის თქმით, 10:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია სულ 10 საჩივარი.

კომენტარები