არჩევნები 2018

PMMG: საარჩევნო პროცესი ამ დრომდე წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით

უბნის გახსნის, მოწყობისა და ხმის მიცემის პროცესი ამ დრომდე წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზებიც, - აღნიშნულია "მრავალეროვანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ამ დრომდე ხმის მიცემის პროცესში "მრავალეროვანი საქართველოს" მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად:

• ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლად დაუშვეს საარჩევნო უბანზე, გარდა ერთი
გამონაკლისისა.

• ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა საარჩევნო
პროცედურებს, გარდა ორი გამონაკლისისა.

• ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა კანონმდებლობით დადგენილ დროს, კერძოდ 07:00 საათზე, გარდა ერთი უბნისა.

• ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი უბნისა.

• არ დაფიქსირდა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის გახსნის, მოწყობის და ხმის მიცემის პროცესი ამ დრომდე წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, მათ შორის:

კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების პროცედურის დარღვევა (2 ინცინდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #49 სააჩევნო უბანზე დარღვევით ჩატარდა წილისყრის პროცესი. "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #9 სააჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურის დროს დაფიქსირდა ინცინდენტი. კერძოდ, პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღებაზე.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (4 ინცინდენტი)

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #52 სააჩევნო უბანზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში "მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელს არ მისცეს უბანზე შესვლის უფლება.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #49 სააჩევნო უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში კომისიის წევრის მიერ ადგილი ჰქონდა მუქარას „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლის მიმართ.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #52 სააჩევნო უბანზე „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელს არ მიეცა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება, რითაც დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება. აღნიშნულის თაობაზე დამკვირვებლმა დაწერა საჩივარი.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #42 საარჩევნო უბანზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საარჩევნო უბნიდან გამოძევებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი. საგულისხმოა ის გარემოაბეაც, რომ დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გამოძევება მოხდა უბანზე არარეგისტრირებული - არაუფლებამოსილი პირის (ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამკვირვებლის) მოთხოვნის საფუძველზე.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (7 ინცინდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 და #42 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის, #3 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #42 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #61 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის
დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა ხმის მისაცემ კაბინაში, არჩევანის გაკეთების დროს, მოახდინა ბიულეტენის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტოს გადაღება.

ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე (3 ინცინდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მცდელობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე. აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #46 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხმის მიცემის მცდელობის 2 ფაქტი, რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის სიტყვიერი შინიშვნის საფუძველზე.

ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა (2 ინციდენტი)

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #46 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ორ ინციდენტს. პირველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხოლო მეორე შემთხვევაში რუსთავში რეგისტრირებული ამომრჩევლები ცდილობდნენ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც მათ კანონიერად შეეზღუდათ ხმის მიცემა, ისინი შეეცადნენ, ხელი შეეშალათ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობას.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის
#37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს.

კომენტარები