არჩევნები 2018

ცესკოს თქმით, "ოცნების" დეპუტატი კაბინაში ხანდაზმულ მოქალაქეს, მისივე თხოვნით შეჰყვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ აბაშაში "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და ნომერი მის მაგივრად მოხაზა.

ანა მიქელაძის თქმით, ნადარეიშვილს ხანდაზმულმა მოქალაქემ დახმარება სთხოვა.

"ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება", - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყვა აბაშის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში და ბიულეტენზე ნომერი მის მაგივრად შემოხაზა.

მომხდარს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, ეს არის ცუდი ფაქტი, ასეთი არავინ არ უნდა გაიმეოროს"

კომენტარები