არჩევნები 2018

Isfed: მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები

ghn.ge

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, "მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები". Isfed-ის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარედ ქართული ოცნების მხარდამჭერები და ე.წ. კოორდინატორები არიან მობილიზებულები. ისინი საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

"ერთ-ერთი უბნის მიმდებარედ, დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი. კვლავ გრძელდება და ტენდენციის სახე მიიღო კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებმა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების გათვალისწინებით, შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან აღნიშნული ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და მათ მიმდებარედ, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებს საქმიანობაში ხელს უშლიან.

"საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა და სხვა დამკვირვებლებმა ჩვენს წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღება და უბანზე შესვლა შეუზღუდეს. გარდა ამისა, მარნეულის ოლქის #10 საარჩევნო უბანზე, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ და თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა" - ნათქვამია Isfed-ის განცხადებაში.

ამ დროისათვის, სამართლიანმა არჩევნებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი შეიტანა. ასევე, 22 საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიებში.

სამართლიანი არჩევენების დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები:

ამომრჩევლის მოსყიდვა

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბნის გახსნის შემდეგ შეიმჩნევა ხალხის მობილიზება და გადაადგილება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ შემთხვევაში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორის მიერ ფულის გადაცემის ფაქტი უბნის მიმდებარედ მყოფი ამომრჩევლისთვის. დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს, კოორდინატორმა უპასუხა, რომ ფული ასესხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიმართ უბნის გარეთ მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს საქმიანობაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი. ფოტოებს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას „#48“ შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი.
  • #36  ბორჯომის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი.

ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობა

  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მათ გამოხატეს აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელის მიმართ, რომელიც ცდილობდა ფაქტის დაფიქსირებას.
  • #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ე.წ. კოორდინატორი, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები და აღრიცხავდნენ, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #30, #31, #32, #33 და #40 საარჩევნო უბნების გარეთ მობილიზებულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლების სიებში აღრიცხავდნენ ამომრჩეველთა გამოცხადებას. დამკვირვებლის მისვლის შემდეგ მათ დატოვეს საარჩევნო უბნის ტერიტორია.
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #56, #58, #59 და #87 საარჩევნო უბნების გარეთ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ სიები, თუმცა დამკვირვებლის მიახლოებისას ისინი მალავდნენ აღნიშნულ დოკუმენტაციას.
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #33 და #36 საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული იყვნენ პედაგოგები, დირექტორები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ ოფისთან სამარშუტო ტაქსით ამომრჩევლები ჩამოიყვანეს, რომლებსაც უთხრეს, რომ მიიყვანდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც დააფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25, #31, #32, #65, #69 და #77 საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აგიტატორები იყვნენ მობილიზებულები, ხოლო #58 უბანთან იმყოფებოდა ასევე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეც, რომელიც  აგიტაციას ეწეოდა.
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის სახელს და გვარს ხმამაღლა კითხულობდა და ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი აღნიშნულ მონაცემებს ბლოკნოტში ინიშნავდა.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ფიზიკური ძალადობა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს ჰქონდა მცდელობა ხელი შეეშალა „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის წარმომადგენელისთვის საარჩევნო უბანზე შესულიყო. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მითითება მისცა სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და არ მისცეს  მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება. კომისიის თავმჯდომარე დაემუქრა და გაფრთხილება მისცა დამკვირვებელს, რომ გააძევებდა უბნიდან.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

  • #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა დროის მოგების მიზნით წინასწარ მოაწერეს ხელი შემაჯამებელ ოქმს. საოლქო კომისიამ დალუქა და ოლქში წაიღო აღნიშნული შემაჯამებელი ოქმი.
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე; #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე და #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო გაკეთებული მითითება გადასატანი ყუთის შესახებ.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ შეიტანეს მიღებული ბიულტენების რაოდენობა.

სიაში ხელის არასწორად მოწერა

  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხელი სიაში არასწორად მოაწერინა.
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელი არ მოაწერინა ამომრჩეველს სათანადო გრაფაში.

გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში აღმოჩნდა, რაზეც ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მას არ მოუთხოვია გადასატანი ყუთით ხმის მიცემა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ ინფორმაცია  სატელეფონო ზარით მიიღეს, რის საფუძველზეც შეიყვანეს ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში. საბოლოოდ ამომრჩეველმა უბანზე ხმის მიცემა ვერ შეძლო.
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს საარჩევნო უბანზე.

კონვერტის გარეშე ბიულეტენის მოთავსება

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბაზე ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა საარჩევნო ყუთში.

კომენტარები