არჩევნები 2018

საია მარნეულის 49-ე უბანზე ხმის მიცემის შეჩერებას და შედეგების ბათილობას ითხოვს

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, მარნეულში ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი მოხდა. 

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, მარნეულის 49-ე უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა სანამი ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საიას მიერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სანან ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე. 

მოგვიანებით ამ ადამიანმა განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საია-ს დამკვირვებლის დაინტერესების შემდეგ უბანი დატოვა. 

სალაძის თქმით, საია-ს დამკვირვებელმა ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც 49-ე უბანზე ორჯერ მისცა ხმა. პირველად 11:05 საათზე, ხოლო მეორედ 14:08 საათზე. ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი, თუმცა, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი არც პირველი და არც მეორე ტურის ერთიან საარჩევნო სიაში არ იძებნება. 

ასევე, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ისევ 49-ე უბანზე 5 პირს, რომლებსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ, მაგრამ საია-ს დამკვირვებლის საჩივრის შემდეგ მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს. 

ამ დრომდე გამოვლენილი დარღვევების გამო საია მოითხოვს მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების ბათილობას. ამ უბანზე რეგისტრირებულია 1552 ამომრჩეველი. 

საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. 

კომენტარები