არჩევნები 2018

ყველა დარღვევა, რაც NGO-ებმა არჩევნების მიმდინარეობისას აღრიცხეს

ტაბულა

დილიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი მედიაცენტრი აქვთ გახსნილი, სადაც თითქმის ყოველ საათში ერთხელ, დარღვევების შესახებ სიახლეებს აცნობენ ჟურნალისტებს და საზოგადოებას.

17:00-ის მდგომარეობით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოვლინდა მუქარის, სავარაუდო მოსყიდვის, ხმის მიცემის ფარულობის და წილისყრის წესის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის და დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები. ასევე, დამკვირვებლებმა აღრიცხეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის და ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობები.

მთავარი დარღვევა, რის გამოც, ამ დროისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების გაბათილებას ითხოვს, ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტებია. 

დარღვევები, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ: 

ამომრჩევლის მოსყიდვა

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა ერთ შემთხვევაში დააფიქსირა ქართული ოცნების ე.წ. კოორდინატორის მიერ ფულის გადაცემის ფაქტი უბნის მიმდებარედ მყოფი ამომრჩევლისთვის. დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა ამომრჩეველს, კოორდინატორმა უპასუხა, რომ ფული ასესხა.
  • ხობის #15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თანხის გაცემა განახორციელა ერთი და იგივე პირმა. პირველ შემთხვევაში - 20 ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში - გადაცემული თანხის ოდენობა NGO-სთვის უცნობია.

სავარაუდო მუქარის ფაქტი

  • ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია განიმუხტა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი გამოვლინდა. ფოტოებს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშრუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას #48 შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. თავმჯდომარემ მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი.
  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი.
  • ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მისი არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;
  • ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - "ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის" დამკვირვებელს;
  • ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.
  • გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი "კავშირი 21-ე საუკუნის" დამკვირვებელს აჩვენა.
  • მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 და #42 სააჩევნო უბანზე ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.
  • ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის, #3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.
  • ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #42 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.
  • გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #61 სააჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმის მისაცემ კაბინაში, არჩევანის გაკეთების დროს, ბიულეტენს მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღო.
  • ზუგდიდის #53 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;

  • ახალქალაქის #70 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ავღან აკოფიანი უბანზე შესულ ამომრჩევლებს წინასწარ მობილურ ტელეფონში არსებულ ჩვენთვის [საიასთვის] ამ დროისთვის უცნობ ინფორმაციას უჩვენებს;

  • ახალქალაქის #4 უბანზე ორმა ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაიღო.

ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობა

  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების წარმომადგენლები სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
  • #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანთან საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა ქართული ოცნების რამდენიმე ე.წ. კოორდინატორი, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები და აღრიცხავდნენ, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #30, #31, #32, #33 და #40 საარჩევნო უბნების გარეთ "ქართული ოცნების" ე.წ. კოორდინატორები აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენელები სიებში აღრიცხავდნენ ამომრჩეველთა გამოცხადებას. 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #56, #58, #59 და #87 საარჩევნო უბნების გარეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ჰქონდათ სიები, თუმცა დამკვირვებლის მიახლოებისას ისინი მალავდნენ დოკუმენტაციას.
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #33 და #36 საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული იყვნენ პედაგოგები, დირექტორები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების ოფისთან სამარშრუტო ტაქსით ამომრჩევლები ჩამოიყვანეს, რომლებსაც უთხრეს, რომ მიიყვანდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც გააკეთებდნენ თავიანთ არჩევანს.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25, #31, #32, #65, #69 და #77 საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების აგიტატორები იყვნენ მობილიზებულები, ხოლო #58 უბანთან იმყოფებოდა ასევე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეც, რომელიც აგიტაციას ეწეოდა.
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის სახელს და გვარს ხმამაღლა კითხულობდა და ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ამ მონაცემებს ბლოკნოტში ინიშნავდა.
  • დუშეთის #49 საარჩევნო უბანთან მანქანებში მსხდომი ადამიანები უბანზე მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.

  • კრწანისის #3, ასევე სამგორის #34, #39 და #40 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ზუგდიდის #84 უბანზე იმყოფებოდნენ პოლიციელები. მათ არ ჰქონდათ უბანზე ყოფნის უფლება. ერთერთი მათგანი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტოებს. ორივე შემთხვევაში, დამკვირვებლების მითითების შემდეგ, პოლიციელებმა დატოვეს უბანი. 
  • სამგორის ოლქის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ქართული ოცნების დეპუტატი შოთა ხაბარელი. მას "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საიამ მიმართა ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა.
  • მარნეულის ოლქის #65 უბანზე ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა არაუფლებამოსილი პირი - მწვანე დედამიწის დამკვირვებელი. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ, თავმჯდომარემ დარღვევა აღმოფხვრა;

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ფიზიკური ძალადობა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს "თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამოქალაქო ალიანსი "განვითარების“ დამკვირვებელი ცდილობდა ხელი შეეშალა "სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის წარმომადგენელისთვის, საარჩევნო უბანზე შესულიყო. კომისიის თავმჯდომარემ მითითება მისცა სამოქალაქო ალიანსი "განვითარების“ დამკვირვებელს.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და არ მისცეს მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება. კომისიის თავმჯდომარე დაემუქრა და გაფრთხილება მისცა დამკვირვებელს, რომ გააძევებდა უბნიდან.
  • #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე და #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კომისიის განცხადებით, მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული. "სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
  • გურჯაანში #1 და #15 უბნებზე საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში და უბნიდან გამოაძევეს;

  • მარნეულის #49 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან ელდარ გაჯიევმა საიას დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა;

  • ისანში #62-ე უბანზე საიას დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, არ აჩვენა ჩანაწერთა წიგნი და შეუზღუდა საარჩევნო პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა.

  • იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს ბათუმის #73 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.

უბნის დაგვიანებით გახსნა

  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი.

  • დაგვიანებით გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50-ზე მოხერხდა.

საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში

  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში.

წილისყრის წესის დარღვევა

  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 საარჩევნო უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე.
  • #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებია მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე პატრიოტთა ალიანსის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე.
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე.უბანზე ყოფნის წესის დარღვევა
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

  • #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა დროის მოგების მიზნით წინასწარ მოაწერეს ხელი შემაჯამებელ ოქმს. საოლქო კომისიამ დალუქა და ოლქში წაიღო აღნიშნული შემაჯამებელი ოქმი.
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე; #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე და #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო გაკეთებული მითითება გადასატანი ყუთის შესახებ.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ შეიტანეს მიღებული ბიულტენების რაოდენობა.

სიაში ხელის არასწორად მოწერა

  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხელი სიაში არასწორად მოაწერინა.
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელი არ მოაწერინა ამომრჩეველს სათანადო გრაფაში.

გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში აღმოჩნდა, რაზეც ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მას არ მოუთხოვია გადასატანი ყუთით ხმის მიცემა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ ინფორმაცია  სატელეფონო ზარით მიიღეს, რის საფუძველზეც შეიყვანეს ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში. საბოლოოდ ამომრჩეველმა უბანზე ხმის მიცემა ვერ შეძლო.
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს საარჩევნო უბანზე
  • წყალტუბოს #54 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში

კონვერტის გარეშე ბიულეტენის მოთავსება

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბაზე ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა საარჩევნო ყუთში.

ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე 

  • მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მცდელობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე. აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
  • მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #46 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხმის მიცემის მცდელობის 2 ფაქტი, რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის სიტყვიერი შინიშვნის საფუძველზე.

ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #46 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ორ ინციდენტს. პირველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხოლო მეორე შემთხვევაში რუსთავში რეგისტრირებული ამომრჩევლები ცდილობდნენ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც მათ კანონიერად შეეზღუდათ ხმის მიცემა, ისინი შეეცადნენ, ხელი შეეშალათ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობას.

სხვა პროცედურული დარღვევები:

მარკირების პროცედურებს არ ამოწმებენ მარნეულის #48, #13, #11 საარჩევნო უბნებზე.

გარდაბნის #31 უბანი განთავსებულია ღია სივრცეში. ამიტომ არ არის შექმნილი სამუშაო პირობები. კომისიის წევრების განმარტებით, მუნიციპალიტეტმა არ გამოყო შენობა საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისთვის.

კომენტარები