არჩევნები 2018

ბაქრაძე: დასრულდა კიდევ ერთი ლეგენდა ოცნებაზე, რომ არჩევნები ტარდება ზეწოლის გარეშე, სუფთად

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე, წინასაარჩევნო გარემოზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიით საქართველოში დასრულდა კიდევ ერთი პოზიტიური ლეგენდა ქართულ ოცნებაზე, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება ზეწოლის გარეშე და სუფთად. ეს არის ის, რითიც წლების მანძილზე ქართული ოცნება თავს იწონებდა. ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე ტურის წინა პერიოდში ხელისუფლებამ გამოიყენა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გამოეყენებინა. ეს იყო ადმინისტრაციული ზეწოლა, ეს იყო აქამდე უპრეცენდენტო ფაქტი, როდესაც მთელი არასამთავრობო სექტორი საუბრობდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე, ეს იყო ფული და ფინანსური რესურსის დარიგება, ეს იყო ძალადობა.

მთელი კამპანია იყო ისეთი, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს რომც გაიმარჯვოს, მისალოცი არაფერი არ არის იმიტომ, რომ წააგო ქართულმა დემოკრატიამ და ქართულმა სახელმწიფომ.

ჩვენი თვითმიზანი და მიზანი არასდროს არ ყოფილა ქუჩაში გასვლა და ქვეყანაში არეულობა. ჩვენი მიზანი არანაირად არ არის ქუჩის არეულობა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მიზანი არ იქნება და ვერ იქნება, უკაცრავად ამ ტერმინისთვის, გაპრავება არჩევნების, სადაც ხალხის აზრის წინააღმდეგ ხელისუფლება გაიმარჯვებს." თქვა ბაქრაძემ.

მან ასევე ისაუბრა საკუთარ ამომრჩეველზე და იმაზე, თუ ვის დაუჭერენ ისინი მხარს მეორე ტურში:

"ვიფქრობ, რომ ჩემი ამომრჩევლის დიდი ნაწილი მეორე ტურში მხარს დაუჭერს ან უკვე მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს. ჩვენი ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი ის ადამიანები იყვნენ, ვინც განწყობილია ოპოზიციურად, ვისაც გულწრფელად უნდა ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლა, მაგრამ ვინც ხელისუფლების შეცვლას არ უყურებდა ტრადიციული შავ-თეთრი სქემით, ანუ თუ უნდა შეიცვალოს "ოცნება" უნდა მოვიდეს ნაციონალური მოძრაობა და ეძებდა სხვა გამოსავალს და სხვანაირ გაგრძელებას მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის გრიგოლ ვაშაძე არ იყო იდეალური ვარიანტი არც პირველ ტურში და არც მეორეში, მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეცვლა."

დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზეც. სააკაშვილმა თქვა, რომ დავით ბაქრაძე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ლიდერია დამოუკიდებლობის შემდეგ და მისი ინტელექტის არ გამოყენება არ შეიძლება:

"მთელი იმ პერიოდის შემდეგ, რაც გავიარეთ და ძალიან ბევრი, პირდაპირ ვიტყვი, უღირსი საქციელის შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერის მხრიდან ვიხილეთ და მოვისმინეთ ჩემი და ჩვენი გუნდის მისამართით ნამდვილად, ერთ დღეში და ერთი შექებით დამოკიდებულება არ და ვერ შეიცვლება. ადამიანთან უნდა შეგეძლოს ხელის ჩამორთმევაც და გაღიმებას მაშინაც კი, როცა პოლიტიკურად დაპირისპირებული ხარ. პოლიტიკური დაპირისპირება მტრობას არ ნიშნავს და საქართველოს პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს აღვიქვამთ მტრებად და არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტი იყოს მტერი, იმიტომ, რომ ამას მიჰყავს ქვეყანა გახლეჩვამდე. განსხვავებები რა თქმა უნდა რჩება და ძალაშია. მეორე ტურში ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა საერთო ამოცანამ, რომელიც მიმაჩნია, რომ უფრო ზემოთ დგას ვიდრე ყველა განსხვავება. და ეს საერთო ამოცანა გახლავთ ის, რომ პირველი - ვიდგეთ იქ, სადაც არის ჩვენი ამომრჩევლის ნება. ხალხს სჭირდება ცვლილებები და ხალხს აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება. და ამიტომ არ შეიძლება ოპოზიციაში მყოფი პარტია ემიჯნებოდე ამომრჩევლის განწყობას, რომელიც ითხოვს ქვეყანაში ცვლილებას. მეორე - სრულიად გულწრფელად მიმაჩნია და მიაჩნია ჩვენს გუნდს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ვერ იქნება სიკეთის მომტანი პრეზიდენტი." თქვა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავარი დარღვევა, რაც უბნებზე ამ დროისთვის გამოიკვეთა, ამომრჩევლის ნების კონტროლი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა.

კომენტარები