კრიმინალი

შსს: ქობულეთში მკვლელობის ფაქტი გახსნილია, ბრალდებული თურქეთში დააკავეს

სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული თურქეთში დააკავეს. შსს კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დანაშაული არა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ, "წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს" უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში კაცს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ესროლეს, თუმცა, შსს-ში ამბობენ, რომ მკვლელობა უბანთან ახლოს არ მომხდარა. 

"1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1973 წელს დაბადებულ მ.ც.-ს. ის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით 
გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა. ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გადმოიყვანეს.

"ბრალდებული ქართველ სამართალდამცველებს თურქმა კოლეგებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადმოსცეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით 
მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები