არჩევნები 2018

ჟვანია: ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის ნება ცხადად გამოხატულია, არ შეიძლება ჩაითვალოს ბათილად

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისი პოზიციაა, რომ თუ ბიულეტენში ამომრჩევლის ნება ცხადად არის გამოხატული, ეს ბიულეტენი ბათილად არ უნდა ჩაითვალოს.

ასე ეხმაურება თამარ ჟვანია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისიები აბათილებენ ბიულეტენებს, სადაც შემოხაზულია გრიგოლ ვაშაძე და გადახაზულია სალომე ზურაბიშვილი. საუბარია კონკრეტულად თერჯოლის მაგალითზეც, სადაც, ოპოზიციის ინფორმაციით, ასეთი შემთხვევა ბევრია.

ცესკო-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ახლახანს გაიგო, თუმცა კონკრეტული ბიულეტენი და ის ფორმა, რაზეც არის საუბარი, არ უნახავს.

"ცხადია, ჩვენ ვთხოვეთ საოლქო საარჩევნო კომისიას თერჯოლის მონაცემები, თუმცა უბანზე ჯერ არ მიღებულა მსგავსი გადაწყვეტილება. ეს არის ე.წ. სადავო ბიულეტენი და საუბნო საარჩევნო კომისიის დისკრეციაა მიიღოს გადაწყვეტილება და ისინი ჩათვალოს ან ნამდვილად, ან ბათილად. თუმცა, მე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდა განვაცხადო, რომ ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის ნება არის ცხადად გამოხატული, არ შეიძლება ჩაითვალოს ბათილად. ეს არის ჩემი პოზიცია. თუ ნება არის ცხადად და აშკარად დაფიქსირებული და სხვა რაიმე ნიშანი არ არსებობს, რომელიც იწვევს ბათილობას, ის ბიულეტენი უნდა იყოს ჩათვლილი", - თქვა თამარ ჟვანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში საუბნო საარჩევნო კომისია ჩაერთვება და ისეთი რეკომენდაცია იქნება გაცემული, როგორსაც "კანონი და სამართლიანობა მოითხოვს".

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიები აბათილებენ ბიულეტენებს, სადაც შემოხაზულია ვაშაძე და გადახაზულია ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ასეთი ბევრი შემტხვევა დაგროვდა და ბათილად ცნობილი ბიულეტენები სრულად გადასახედი იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები