არჩევნები 2018

ვაშაძე მხარდამჭერებს: ხვალ 18:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიაში, გეგმებს გაგაცნობთ

რუსთავი 2

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ხვალ, 29 იანვარს, 18:00 საათზე ფილარმონიაში შეკრებისკენ მოუწოდებს. 

ვაშაძის თქმით, ის მათ გეგმებს გააცნობს. 

"იმ ძალადობის ფონზე, რის ფონზეც ჩაიარა არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი, შეიძლება ვუწოდოთ არჩევნები თუ არა. ჩვენ ველოდებით შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოგვაწოდოს. პარალელურად ჩვენი შტაბი ითვლის შედეგებს და ადგილიდან ვღებულობთ ყველა ოქმს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ. 

მაგრამ სახიფათო ინციდენტები გრძელდება. ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში ამ წუთებში ძალიან დაძაბული ვითარებაა. არ გაჩერებულა ჩვენი ქოლცენტრი, ზარები შემოდის ჩვენი მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან, იმ ხალხისგან, ვინც კბილებით იბრძოლა, ამ არჩევნებში ჩვენი შედეგები კბილებით დაეცვა და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ..  

ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს მხარდამჭერებს ვკითხოთ აზრი, გავუზიაროთ ჩვენი გეგმები და ამისთვის ხვალ საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში", - თქვა ვაშაძემ. 

ცესკოს ცნობით, არჩევნების პირველადი შედეგებით, ხმების 50%-ზე მეტის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58.1% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 41.9%. 

კომენტარები