არჩევნები 2018

I ტურთან შედარებით, ზურაბიშვილმა ნახევარი მილიონი ხმით მეტი მიიღო, ვაშაძემ - 180 000-ით

ტაბულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია ხმების 100% (3 705 საარჩევნო უბანი).

სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში 59.52% (1 147 625 ხმა) მიიღო, რაც წინა ტურთან შედარებით, ნახევარმილიონიანი მატებაა. 28 ოქტომბრის არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს 615 572-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი ანუ 532 053-ით ნაკლებმა.

რაც შეეხება მის ოპონენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 780 635-მა (40.48%) მოქალაქემ მისცა ხმა. პირველ ტურში, მან 601 224 ხმა მიიღო, შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატმა მეორე ტურში 179 411-ით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

მეორე ტურზე 10%-ით მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობაც. პირველ ტურთან შედარებით, 28 ნოემბრის არჩევნებზე 337 889-ით მეტი მოქალაქე მივიდა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიების დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის განსაკუთრებულ მობილიზაციაზე საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიული აგიტატორები და ე.წ კოორდინატორები უბნებიდან გამოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში, ამომრჩეველი მათ კაბინაში გადაღებული ბიულეტენის ფოტოს აჩვენებდა.

კომენტარები