უკრაინა-რუსეთი

პოროშენკო: რუსეთს აზოვის ზღვის ოკუპაცია სურს, NATO-მ იქ გემები უნდა გაგზავნოს

პეტრო პოროშენკო
AFP

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში პოროშენკომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს აზოვის ზღვის ოკუპაცია სურს და ნატო უკრაინას უსაფრთხოების კუთხით უნდა დაეხმაროს:

"გერმანია ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და იმედი გვაქვს, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან თავიანთი საზღვაო ხომალდები აზოვის ზღვაში განათავსონ, რათა უკრაინას უსაფრთხოების მხრივ დაეხმარონ. ჩვენ რუსეთის ამ აგრესიულ პოლიტიკას ვერ მივიღებთ. ჯერ იყო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა მას აზოვის ზღვა სურს. გერმანიამაც უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: რას იზამს პუტინი შემდეგს, თუ ჩვენ მას არ შევაჩერებთ?" თქვა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა გაათავისუფლოს დატყვევებული უკრაინული ხომალდები და მეზღვაურები და გააანალიზოს მისი ქმედებების შედეგები. მისივე თქმით ნატო გააგრძელებს "პოლიტიკურად და პრაქტიკულად" უკრაინის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კი გაავრცელა უკრაინელი მეზღვაურების ვიდეოები, სადაც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ იცოდა უკრაინის ქმედებების "პროვოკაციული ბუნების" შესახებ და მათ მართლაც მიიღეს რუსული ძალების მხრიდან გაფრთხილება, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს მას. უკრაინულ მხარეს მიაჩნია, რომ მეზღვაურებს ეს ვიდეოები ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს და მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები