არქეოლოგია

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პილატე პონტოელის ბეჭედი აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ჰეროდიონის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური ძეგლი

არქეოლოგებმა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, გიდეონ ფორსტერის მიერ 50 წლის წინ ნაპოვნი ბრინჯაოს ბეჭდის წარწერა გაშიფრეს. ბეჭედი ერთ-ერთია ათასობით ნივთიდან, რომელიც ჰეროდიონის ციხე-სიმაგრის გათხრებისას იპოვეს. სახელი "პილატე" ბეჭდის გაწმენდის შემდეგ გაარჩიეს, როცა მას ისრაელის სიძველეების კვლევის ლაბორატორიაში სპეციალური კამერით გადაუღეს ფოტო. 

მკვლევრები ბეჭედზე ამოტვიფრულ სახელს იუდეის მეხუთე პრეფექტის, პონტოელი პილატეს სახელს უკავშირებენ, რომელიც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია როგორც ქრისტეს ჯალათი, მისი მმართველობა 26-36 წლებით თარიღდება.  

"მე არ გამიგია ამ პერიოდის სხვა პილატე და ბეჭედი აჩვენებს, რომ ეს პიროვნება მდიდარი და დიდგვაროვანი იყო"- ამბობს პროფესორი დენი შვარცი. 

ბეჭედზე გამოსახულია ღვინის ჭურჭელი, რომელსაც გარს არტყია ბერძნული წარწერა, რომელიც ითარგმნება როგორც "პილატე". 

ასეთი ტიპის შტამპი რომაულ ეპოქაში მხედრის წოდებაზე მეტყველებს, რომელსაც პილატე მიეკუთვნებოდა. ბეჭედი საკმაოდ მარტივია, ამიტომ მკვლევრებს სჯერათ, რომ პრეფექტი მას ყოველდღიურ საქმეებში იყენებდა. შესაძლოა ის ეკუთვნოდა მის რომელიმე ხელქვეითს, რომელიც მას ხელმოწერებისთვის იყენებდა.

ბეჭედი ერთადერთი არტეფაქტი არაა, რომელსაც სახელი პილატე აწერია და ცნობილ რომაელ მმართველთან აკავშირებენ. 1960-იან წლებში პროფესორმა ფორსტერმა აღმოაჩინა ქვა, რომელსაც პილატეს სახელი წერია. 

ჰეროდიონის ციხე-სიმაგრე მეფე ჰეროდეს მიერაა აშენებული. პირველ საუკუნეში მისი სიკვდილის შემდეგ ის სამარხად გადაიქცა. თუმცა შენობის ზედა ნაწილის გამოყენებას რომაელი მმართველები აგრძელებდნენ. პილატე ჰეროდიონის ციხესიმაგრეს იყენებდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციულ ცენტრს.  

პილატე პონტოელის ბეჭედი ფოტო: www.haaretz.com

ისტორიკოსი ჯოზეფუსი აღწერს, თუ როგორ შემოიტანა პილატემ მედალიონები, რომლებზეც კეისრის ბიუსტი იყო ჩამოკიდებული, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. ებრაელების კანონი კრძალავდა კერპებს წმინდა ქალაქში. პროტესტი იმით დასრულდა, რომ პილატე ხალხს მასობრივი სისხლისღვრით დაემუქრა. ჯოზეფუსი ასევე ყვება, რომ პილატემ სოლომონის ტაძრის საგანძური მეფე ჰეროდეს მიერ აშენებული იერუსალიმის წყლის სისტემის შეკეთებისთვის გამოიყენა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები