არჩევნები 2018

ეუთო: უბნებთან არსებულ ვითარებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა თავისუფალ არჩევანზე

ეკა ლორთქიფანიძე/რადიო თავისუფლება

ეუთოს ანგარიშში, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო პერიოდს და კენჭისყრის დღეს ეხება, ნათქვამია, რომ დაძაბული კონკურენტული ფონის მიუხედავად, არჩევნები პროცედურების დაცვით ჩატარდა. თუმცაღა, დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი შემთხვევა. 

ორგანიზაცია ასევე საუბრობს ე.წ კოორდინატორების ყოფნაზე საარჩევნო უბნების სიახლოვეს და ამას პრობლემად მიიჩნევს. 

ეუთოს შეფასებით, ამ ყოველივეს შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე არჩევანის გაკეთებაზე. 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობამ 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად მაღალია პირველ ტურში დაფიქსირებულ აქტიურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები შეაშფოთა საარჩევნო უბნებს გარეთ არსებულმა მდგომარეობამ, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ არჩევანი.

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დღეს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება არ არის აკრძალული, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სატელეფონო ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. პირველი ტურის მსგავსად, დაკვირვებამ დაადასტურა, რომ არსებობს კოორდინატორთა მექანიზმი, რომელზე დაყრდობითაც კანდიდატები იმ ამომრჩეველთა სიებს აგროვებენ, ვისგანაც არჩევნებში მხარდაჭერას მოელიან. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა დაკვირვების არეალში არსებული საარჩევნო უბნების 15 პროცენტში დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებს გარეთ დააფიქსირეს ამგვარი მექანიზმის მუშაობის შემთხვევები.

კოორდინატორები საარჩევნო უბნებს გარეთ ახორციელებდნენ ორივე კანდიდატების მხარდამჭერი ამომრჩევლების ხმების დეტალურ შესწავლას, თუმცა ეს პრაქტიკა უფრო ხშირად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იყო ამოქმედებული. ბევრ შემთხვევაში, კოორდინატორებს თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები და ცდილობდნენ ზემოქმედება მოეხდინათ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველზე. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბევრ უბანზე კოორდინატორთა საქმიანობას მუნიციპალური უწყებები უწევდნენ ზედამხედველობას. რამდენიმე შემთხვევაში ასეთ სიებზე დატანილი იყო ამომრჩეველთა ფოტოებიც სწორედ ისე, როგორც ცესკოს მიერ პარტიებისთვის მიწოდებულ ამომრჩეველთა სიების ოფიციალურ ვერსიებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ან ადგილობრივი დამკვირვებლები ამომრჩევლებს სთხოვდნენ მათ მიერ შემოხაზული საარჩევნო ბიულეტინის წარმოდგენას. ამ შემთხვევებმა კიდევ უფრო გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა", - წერს ეუთო. 

კომენტარები