ქალთა უფლებები

კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულები - იდა ბახტურიძე და ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი

ქალთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწევებისთვის კატო მიქელაძის სახელობის 2018 წლის პრემია სამოქალაქო აქტივისტს და საინფორმაციო პლატფორმის "ქალები საქართველოდან" ერთერთ დამფუძნებელს, იდა ბახტურიძეს გადაეცა.

გარდა ამისა, დაწესდა სპეციალური ჯილდო ქალი უფლებადამცველის სამომავლო საქმიანობის წასახალისებლად, რომლის ლაურეატი ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი გახდა. ის ორგანიზაციის "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" წევრი და ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დამცველია.

"ქალთა ფონდი საქართველოში" აღნიშნავს, რომ კატო მიქელაძის სახელობის წლევანდელმა დაჯილდოებამ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების საქმიანობასა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე ახალ გამოწვევებს დაუთმო.

ნომინანტების სიაში შევიდა 14 სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, მკვლევარი და მეწარმე, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების განხორციელებას, გენდერულ განათლებას, ძალადობის აღმოფხვრას და მიგრანტებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას.

"მივესალმებით წლევანდელი გამარჯვებულების გამბედაობასა და სიმტკიცეს თანასწორი უფლებების დაცვის საქმეში. საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საზოგადოებრივი წარმოდგენების შეცვლა და უფრო სამართლიანი პოლიტიკისათვის ნიადაგის მომზადება სწორედ სოციალური აქტივისტების დამსახურებაა", - ამბობს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი.

ნანა ფანცულაიამ, ორგანიზაციის "ქალთა ფონდი საქართველოში" აღმასრულებელმა დირექტორმა კი აღნიშნა, რომ ქალი უფლებადამცველები მთელს საზოგადოებას მიმართავენ და უმნიშვნელოვანეს სოციალურ საკითხებზე საუბრობენ.

"ქალი უფლებადამცველები ხმას იმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა. კატო მიქელაძის სახელობის პრემიის უმთავრესი მიზანია მათი საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობა, აღიარება და დაფასება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება", - თქვა მან.

კატო მიქელაძის სახელობის პრემია მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისათვის მებრძოლი ქალის სახელს ატარებს. პრემია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთ უფლებადამცველ ქალს გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციულად ემთხვევა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას.

კატო მიქელაძის პრემიის ინიციატორია ორგანიზაცია "ქალთა ფონდი საქართველოში", ხოლო მხარდამჭერები გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), შვედური ორგანიზაცია Sigrid Rausing Trust და დანიური ფონდი Mama Cash.

კომენტარები