არჩევნები 2018

პრემიერმინისტრი: არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა განწირულია მარცხისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის და თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ამას კანონის ძალით გაეცემა პასუხი.

ასე ეხმაურება მამუკა ბახტაძე "გაერთიანებული ოპოზიციის" განცხადებას, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ, ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი", - თქვა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერმინისტრმა დღესვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს არ დაუშვებს.

"დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ; ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - თქვა პრემიერმა.

მისი განცხადებითვე, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია დაამკვიდრა და ამ მონაპოვარს მაქსიმალურად უფრთხილდება.

გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ დღეს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს "ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური" უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო პირველ და მეორე ტურამდე პერიოდში, ასევე, კენჭისყრის დღეს დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ნეგატიურ კამპანიაზე, ხისტი რიტორიკასა და ძალადობრივი ინციდენტებზე საუბრობს. ანალოგიური შეფასებები აქვთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ - საიას, TI-ის და ISFED-ს.

"მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის", - თქვა დღეს მამუკა ბახტაძემ.

მან იქვე აღნიშნა, რომ ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, გარკვეული რეკომენდაციები მიიღეს და მათ გაითვალისწინებენ.

მამუკა ბახტაძემ დღესვე თქვა, რომ არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. მისი განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დაანონსდა.

"ჩვენი მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მიუხედავად წინასაარჩევნო ემოციებისა, სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეკონომიკური ზრდამ შეადგინა 6.7%, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად და ეს გახლავთ ძალიან დიდი მონაპოვარი", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები