არჩევნები 2018

საარჩევნო სისტემის შეცვლა, სპეციალური პროკურორი და აუდიტი - ევროპული საქართველოს სტრატეგია

ევროპულ საქართველოში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ პარტიის სამომავლო სტრატეგიის შესახებ გახდა ცნობილი.

გარდა ამისა, პარტიამ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა. დავით ბაქრაძის თქმით, მათ რეგიონული წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოისმინეს ​თუ რა პირობებში არჩევნები და კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი - ზეწოლა, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა.

"ყველა ეს პრობლემა და ამ პრობლემების მასშტაბი მიუთითებს იმას, რომ არჩევნების მეორე ტური ვერ ჩაითვლება მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვად და ამას ადასტურებს არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან კრიტიკული დასკვნები. დასკვნები, რომლის კრიტიკულობის ხარისხიც უპრეცედენტოა ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენი შეფასებითაც, რომელიც მთლიანად ემთხვევა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მანდატი, მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით", - თქვა დავით ბაქრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა და მზად არის ხელისუფლება საარჩევნო ყუთთან შეცვალოს და არა რევოლუციით.

"ჩვენმა ხალხმა და საზოგადოებამ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა და ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადა. ჩვენი ხალხი ძალიან მშვიდად, გააზრებულად, საარჩევნო ყუთებთან, არჩევნების გზით მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად, როგორც ეს ხდება განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებში. მაგრამ ამ ცვლილებას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში იქნება შესაბამისი პირობების შექმნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის შეცვალოს ხელისუფლება", - თქვა ბაქრაძემ.

უფრო კონკრეტულად კი, პარტიას მიაჩნია, რომ აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რასაც უნდა მოჰყვეს პარლამენტის არჩევნები, "ვინაიდან, დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას".

გარდა ამისა, ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა.

ასევე, პარტია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად წარადგენს. ამ ინსტიტუტის ერთადერთი ამოცანა საარჩევნო პერიოდში მუშაობა და ყველა იმ ფაქტის გამოძიება იქნება, რომელიც საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკავშირდება.

"ნათელია, რომ დღევანდელი პროკურატურა და აუდიტის სამსახური, რომელიც კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან, ამას ვერ აკეთებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივაა სპეციალური სტრუქტურების შექმნა საარჩევნო დამოუკიდებლობისთვის", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში პარტიას ექნება სპეციალური საარჩევნო წინადადებები პაკეტი, რომლითაც დარეგულირდება ხმის მიცემის ფარულობა, ამომრჩეველზე ზეწოლასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.

დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ პარტია უახლოეს პერიოდში არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს კონსულტაციებს, უცხოელ პარტნიორებთან კი უკვე ჰქონდათ.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ შევქმნათ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო, სადაც ხალხს ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და მშვიდობიანად, მშვიდად, თავისუფალი არჩევნების გზით აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები