თავდასხმა ჟურნალისტზე

ორგანიზაცია "არა ნაციზმის" ოფისში რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

0 კომენტარი
ფოტო: Screengrab / Rustavi2

ორგანიზაცია "არა ნაციზმის" ოფისში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

როგორც რუსთავი 2-ში აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ჟურნალისტებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრუებაში ხელს უშლიან.

კურიერში გასულ სიუჟეტში ჩანს, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვებას ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ სთხოვს.

"რა წყაროებით და ვისგან ფინანსდება მოძრაობა "არა ნაციზმს?", - ამ შეკითხვებს ნანა კაკაბაძისა და ორგანიზაციის წევრების მხრიდან უმწვავესი რეაქცია და აგრესია მოჰყვა", - აცხადებენ რუსთავი 2-ში.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს, ასევე დააზიანეს კამერა და ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონი.

არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია, ნანა კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეების დასჯას ითხოვს - "ჩვენ არ გვჭირდება მოჩვენებითი სისხლის სამართლის საქმე გირაოებით და ჯარიმებით. ყველაზე უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული, რომ არავის ამ ქვეყანაში აღარ მოუნდეს ნებისმიერი მედიის, იქნება ეს ოპოზიციური მედია, თუ სხვა, წინააღმდგე ფიზიკური ზემოქმედება და ტექნიკის დაზიანება. მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, მთელი კომპანიის სახელით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, პირველ რიგში ეს არის მედიის საქმიანობის უკანონო ხელშეშლა და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. ეს არის ის ორი მუხლი, რაც ამ მომენტისთვის გამოკვეთილია, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ გამოძიებამ გამოავლინოს სისხლის სამართლის სხვა მუხლები,"- ამბობს ნიკა გვარამია.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. ქარტიაში  მოითხოვენ, რომ მომხდარი დაუყონებლივ გამოიძიონ შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოემა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. ყოველი ასეთი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება და დამნაშავე პირების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და აუარესებს სამუშაო გარემოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც საჯარო უწყებები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ უზრუნველყონ გამჭირვალობა და ითანამშრომლონ მედიასთან. ამასთან, მათ ხელი უნდა შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.

იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის წესებს ან/და კანონით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები. დაუშვებელია ძალადობა და თავდასხმა", - აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, "სახალხო მოძრაობა – არა ნაციზმის" ფეისბუქზე გვერდი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შეიქმნა. გვერდზე ეწერა, რომ ჯგუფი იმ ამომრჩევლებს გაუწევდა დახმარებას, რომლებიც ხმას რეგიონებში აძლევდნენ და წასვლის საშუალება არ ჰქონდათ.

იხილეთ სრულად;

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები