არჩევნები 2018

უგულავა: პროპორციული არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, კვირის აქციაზე მივდივარ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ის კვირას, "ძალა ერთობაშიას" მიერ დაგეგმილ აქციაზე მიდის.

უგულავა facebook-ზე წერს, რომ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები მთავრია და ამისთვის ოპოზიციამ ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

"მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არა არსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე",- წერს უგულავა. 

"ევროპულმა საქართველომ" პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ განაცხადა, რომ "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. დავით ბაქრაძის თქმით, სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია ყველა იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ "ევროპული საქართველოს" აზრით, პოლიტიკური ბრძოლის გზა პოლიტიკურ რეფორმებზე გადის.

გაერთიანებული ოპოზიცია აქციის ჩატარებას კვირას, 2 დეკემბერს გეგმავს. როგორც მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. გაერთიანების ლიდერები აღნიშნავენ, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება. მათ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი მანიფესტაცია იქნება ერთჯერადი თუ გაგრძელდება.

კომენტარები