ხორავას ქუჩის საქმე

ლომჯარია: ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე პროკურატურამ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვან დავით სარალიძის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის თქმით, ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ და შემდგომმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინეს მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე და სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმის განხორციელების აუცილებლობა.

ლომჯარიას თქმით, არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება არ მომხდარა.

"სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ გამოძიება სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებულიყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით პროკურატურას გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების და არა გამოძიების დაწყების რეკომენდაცია მიეცა. შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ამ დროისთვის კვლავ გრძელდება",-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად გაწეული დიდი ძალისხმევისა როგორც სახალხო დამცველის, ასევე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიმართ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.

"მიგვაჩნია, რომ გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული კითხვები და გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს: ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ; სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა;

"წარდგენილი მოთხოვნები ემსახურება საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების აღსრულების ლეგიტიმურ მიზანსა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საჯარო კონტროლს. რამდენადაც, სწორედ ნაკლები გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იწვევს მსგავს უხეშ დარღვევებს საგამოძიებო მოხელეთა მხრიდან, რომელიც საბოლოოდ, არსებითად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები