დღეს, პარიზში, პოლიცია და "ყვითელი ჟილეტის" დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტმა სამართალდამცავებს ყვითელი საღებავი შეასხა. პროტესტების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბანკი, კაფე და მაღაზია. დაპატიმრებულია, სულ მცირე, 39 ადამიანი.
ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი საწვავის ფასებს, მაკრონის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და ცხოვრების ფასებს აპროტესტებს.
მაკრონმა რამდენიმე დღის წინ შემრიგებლური განცხადება გააკეთა, თუმცა ის ის ამბობს, რომ საწვავის გადასახადს არ შეამცირებს, რადგან გლობალურ დათბობასთან ბრძოლა საფრანგეთის მომავლის ენერგეტიკული სტრატეგიის საკვანძო ასპექტია.
ამ გამოსვლამ ვერ შეაცვლევინა პროტესტის მონაწილეები ის აღქმა, რომ მაკრონი აცდენილია რიგითი ადამიანების მოთხოვნებს.
BBC-ს კორესპონდენტი ჰიუ სკოფილდის თქმით, ატმოსფერო საკმაოდ დაძაბული იყო, ბევრ ადამიანი იყო ისეთი ვისაც დემონსტრაციის მშვიდობიანი დაშლა სურდა, თუმცა ასევე ბევრი მათგანი მზად იყო კონფრონტაციისთვის.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფ კასტანებიმ, რომელიც დემონსტრაციაზე იმყოფებოდა, თვითერზე დაწერა, რომ იყო 200 მშვიდობიანი დემონსტრანტი და 1500 აგიტატორი უსაფრთხოების პერიმეტრს გარეთ, რომლებიც საჩხუბრად მოდიოდნენ.
"ყვითელი ჟილეტის" მარშები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და თავდაპირველად საწვავის ფასების შესახებ იყო.
დემონსტრანტებს აცვიათ ყვითელი ჟილეტი, რომლის ტარება ყველა ტრანსპორტში სავალდებულოა საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად.
სოციალური მედიის მეშვეობით მოძრაობა გადაიზარდა ბრაზში მაღალი გადასახადების, ცხოვრების ფასების და პრეზიდენტ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. დემონსტრაციას მხარს უჭერენ რადიკალი მემარცხენეები და რადიკალი მემარჯვენეები.
მაკრონმა მოძრაობის წარმართვაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა, რომლებსაც მისი რეფორმის პროგრამის დაბლოკა უნდათ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დემონსტრანტებზე გავლენას ახდენს ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
ვინაიდან მოძრაობა სოციალური მედიის დახმარებით გაჩნდა, მას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები და არ აქვს ჩამოყალიბებული მოთხოვნები. თუმცა მას აქვს ფეისბუქ კოორდინაცია და საზოგადოების მხარდაჭერა. პირველ დემონსტრაციაში, 17 ნოემბერს, 300 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.