არჩევნები 2018

შსს: კვირას "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას დავიცავთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ 2 დეკემბერს დაგეგმილი საპოტესტო აქციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პოლიცია იქნება მობილიზებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - წერია განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიცია აქციის ჩატარებას კვირას, 2 დეკემბერს გეგმავს. როგორც მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. გაერთიანების ლიდერები აღნიშნავენ, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება.

კომენტარები