უკრაინა-რუსეთი

პუტინი: უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება არ განიხილება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დატყვევებული უკრაინელი სამხედროების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და მათი გათავისუფლება არ განიხილება. 

ამის შესახებ პუტინმა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. 

"გაცვლაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს საკითხი უკრაინულ მხარეს არ წამოუყენებია. თუმცა ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა. მიმდინარეობს გამოძიება. უნდა დავამტკიცოთ, რომ უკრაინელების ქმედებები პროვოკაცია იყო და დოკუმენტებში დავაფიქსიროთ. უნდა დავკითხოთ მეზღვაურები და ყველაფერი ოფიციალურად გავაფორმოთ, მანდ გამოჩნდება ყველაფერი",- ამბობს პუტინი.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევსკის, ოდესის, სუმსკის, კარკოვის, ჩერნიგოვსკის, ხერსონსკის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

 

კომენტარები