თბილისის მერია

თბილისის მერიის 1-წლიანი მუშაობის მიღწევები კახა კალაძის ხედვით

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

კახა კალაძემ თბილისის მერიის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. 

პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. 

კალაძის თქმით, ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში მართვის პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განხორციელდა. თბილისის მერი ამბობს, რომ ეს სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა.  

"როდესაც მერიაში მოვედით, პირველ რიგში, ინსტიტუციური რეფორმების გატარება დავიწყეთ, რის შედეგადაც, ურბანული განვითარების სამსახური შეიქმნა, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი და სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრა სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები, შეიქმნა "ეკოსერვის ჯგუფი“ - ე.წ. თბილისის მებაღე. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გამწვანებაზე, სკვერების, პარკების მოვლა-პატრონობაზე ზრუნავენ. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინსპექციის არსებობა, რომლის თანამშრომლებიც  ქალაქში წესრიგს იცავენ, მშენებლობებს აკვირდებიან, და აქტიურ მონიტორინგს ახორციელებენ“, - თქვა კახა კალაძემ.

კალაძისვე თქმით, მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც თბილისში განხორციელდა და ამისთვის მან განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პარლამენტს, დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს გადაუხადა.

„სამართლებრივი რეფორმების შედეგად, მივიღეთ ტაქსების რეფორმა, გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა დავასრულეთ. თბილისისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის დოკუმენტიც დედაქალაქის მთავრობამ საკრებულოს გაუგზავნა და პირველი იანვრისთვის დამტკიცდება.

ასევე, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები გავამკაცრეთ, მტვრის წარმოქმნის პრევენციის ნორმები შევიმუშავეთ, მოხდა სატრანსპორტო შეფასებისა და დენდროლოგიური პროექტების ინტეგრირება მშენებლობის პროცესში. გვახსოვს არაერთი შემთხვევა, რომ მშენებლობების გამო, ხეები იჭრებოდა, სკვერები ნადგურდებოდა და მწვანე სივრცეები არ არსებობდა, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენ ქალაქს.

სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე სანქციების გამკაცრება მოხდა. ეს კანონპროექტიც პარლამენტშია გადაგზავნილი და უახლოეს მომავალში მიღებული იქნება“, - თქვა დედაქალაქის მერმა.

კალაძე ამბობს, რომ "სამართლებრივი მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ელექტროძრავიანი მიკრო და დიდი ავტობუსების იმპორტისა და რეალიზაციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“ და ორი პროექტი უკვე განხორციელდა.

ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა გატარდა, რომლის ფარგლებში, 1 256 პროექტი დაფინანსდა. ამისთვის 14 066 645 ლარზე მეტი დაიხარჯა. დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის ხე-მცენარეთა ნუსხა, რომლებიც დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილას დაირგვება". 

თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას ექსპო ჯორჯიაში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები დაესწრნენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები