მექსიკა

მეხიკოში ახალი პრეზიდენტის, ლოპეზ ობრადორის ინაუგურაცია გაიმართა [Video]

0 კომენტარი
ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ფოტო: Reuters

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი დაესწრო.

პირველ ივლისს მექსიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები გაიმართა. 88 მილიონმა მექსიკელმა პრეზიდენტი, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის წევრები, ზოგიერთ შტატსა და ქალაქში კი, მათ შორის დედაქალქ მეხიკოში გუბერნატორები და მერები აირჩია.

მემარცხენე ობრადორმა, რომელიც წარსულში მეხიკოს მერის პოსტსაც იკავებდა ხმათა 53% დააგროვა.

64 წლის ობრადორის მთავარ დაპირებას კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. ის ასევე გამოირჩეოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკითაც.

ინაუგურაციის ცერემონიას ტრამპის მრჩევლები, მისი ქალიშვილი და სიძე, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ.

მექსიკის პრეზიდენტს 6-წლიანი ვადით 1929 წლიდან მოყოლებული ირჩევენ, თუმცა ამ დრომდე პოსტს მხოლოდ ორი მთავარი პარტიის, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის და მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტიის წარმომადგენლები იკავებდნენ.

ლოპეს ობრადორი პოლიტიკურ კოალიცია "ერთად შევქმნით ისტორიას" წარმოადგენს. კოალიციაში შედიან მემარცხენე ლეიბორისტული პარტია, მემარცხენე "ეროვნული აღდგენის მოძრაობა" და კონსერვატიული "სოციალური შეხვედრის პარტია."

პოსტის დაკავებიდან პირველივე დღეს ობრადომა განაცხადა, რომ აპირებს განახორციელოს გეგმა უკანონობასთან ახალი ეროვნული გვარდიის მეშვეობით ბრძოლის შესახებ. ობრადორის თქმით გეგმა რეფერენდუმზე სავარაუდოდ მარტში გავა.

"მექსიკელებს სჭირდებათ, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მიხედონ უსაფრთხოების და ძალადობის არსებულ პრობლემებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გეგმას, რადგან ვენდობით შეიარაღებულ ძალებს." თქვა მან.

2006 წლის შემდეგ საჯარო უსაფრთხოების ე.წ. "მილიტარიზაციის" შედეგად მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ნაკო-კარტელის ლიდერი დააკავეს, თუმცა, უკანასკნელი 12 წლის მანძილზე ქვეყანაში 200,000-ზე მეტი მკვლელობა მოხდა და ათობით ათასი ადამიანი გაუჩინარდა.

ეროვნული გვარდიის გეგმის გარდა, ლოპეზ ობრადორს მიაჩნია, რომ ნარკოტიკების აკრძალვა არაეფექტურია. მექსიკის კონგრესში მისმა მოკავშირეებმა უკვე წარადგინეს კანონპროექტი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციისათვის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები