არჩევნები 2018

ევროპული საქართველო, ზუგდიდის მე-6 სკოლის საქმეზე, განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

ევროპული საქართველო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე შესაძლო წეზოლის ფაქტთან დაკავშირებით,.განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. კახიძე ამბობს, ზუგდიდის სკოლაში ინსპექტირების სამმართველოს თანამშომლების მიერ ჩატარებული ქმედებები დამატებით შესწავლას და რეაგირეაბს საჭიროებს, პროკურატურის მხრიდან. 

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერძაია გუშინ ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რასაც წინ სკოლაში შემოწმებითი ღონისძიება უსწრებდა, რომელიც 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელაია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექტორის შეყვანას წინ უძღოდა დედამისისადმი მრავალჯერადი შეთავაზება, რომ მას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ემუშავა. 

"ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად ქალბატონი ია კერზაიაზე ზეწოლა განახორციელა, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამმართველოს თანამშომლებმა, ნოდარ წამალაშვილმა და ელისო ჯაფარიძემ . მათ აბსოლუტურად უკანონოდ და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით აწარმოეს საპროკურორო სტილის დაკითხვები, პირველ და მეორე ტურებს შორის, ზუგდიდის მე -6 საჯარო სკოლის თანამშომლებზე და ამ სკოლის დირექტორზე ქალბატონ ია კერზაიაზე.ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლას და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი ამ ორი ადამიანის მიერ. მინდა მივმართო განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, რომ გამოცხადდეს პარლამენტში ევროპული საქართველოს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე და პასუხი გასცეს კითხვებს." - ამბობს კახიძე. 

ევროპული საქართველო, როგორც ინსპექტირების სამსახურის სამმართველოს უფროსის, ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. . 

ადვოკატი ბაჩანა შენგელაია წერს, რომ დედამისმა ინსულტი სკოლის ამბებზე ნერვიულობის გამო მიიღო. ბაჩანა შენგელაიას სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა, მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა Facebook-ზე პოსტი, სადაც დეტალურად წერდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე და ამას "გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკად" აფასებდა. 

სკოლის შემოწმების ფაქტს რამდენიმე დღის წინ თავად დირექტორი ია კერზაიაც გამოეხმაურა ის წერდა, "ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერძაია Facebook-ზე და ამბობდა, რომ თუ სამეურვეო საბჭო მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში, ინსპექტირების შედეგად, ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები გამოვლინდა. 

 

კომენტარები