ასტრონომია

მეცნიერებმა გაზომეს ყველა ვარსკვლავური სინათლე, რომელიც ოდესმე გამოსხივებულა

ყველა სინათლე ყველა ვარსკვლავისგან რომელსაც ოდესმე უარსებია. მეცნიერებმა ამ წარმოუდგენელი სიდიდის დათვლა შეძლეს. 

მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა გაზომა ვარსკვლავური სინათლის მთლიანი რაოდენობა, ყველაზე ადრეული, მკრთალი ვარსკვლავებიდან ყველაზე დიდ გალაქტიკებამდე, რომელიც სამყაროს 13.7 მილიარდი წლიანი ისტორიის განმავლობაში გამოსხივებულა.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Science-ში ხუთშაბათს გამოქვეყნდა ასტრონომები ამტკიცებენ, რომ ეს რიცხვია 4,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000, 000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 ანუ 4x10^84 ფოტონი.  

"ფერმის ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემებით, ჩვენ შევძელით გაგვეზომა ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული სინათლის მთლიანი რაოდენობა. ეს აქამდე არავის გაუკეთებია."- ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, კლემსონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მარკო აჯელო.

ამ სინათლის უმეტესობა გამოსხივდება გალაქტიკებში არსებული ვარსკვლავების მიერ და  თითოეულ ვარსკვლავს, რომელსაც უარსებია, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამოსხივებაში. 

ბოლო ათი წლის განმავლობაში ნასას ფერმის ტელესკოპი, რომელიც 2008 წლის ივნისში გაუშვეს, გამა ტალღების შესახებ მონაცემებს აგროვებდა. გამა სხივები ფოტონებია, რომელთა ენერგია მილიარდჯერ აღემატება ხილული სინათლისას, რაც მას სინათლის ყველაზე ენერგეტიკულ ფორმად აქცევს. 

ფერმის ტელესკოპს შეუძლია შეაგროვოს მონაცემები, თუ როგორ ურთიერთქმედებს გამა სხივები ექსტრაგალაქტიკურ ფონურ სინათლესთან, ეგრეთ წოდებულ კოსმოსურ ნისლთან. ვარსკვლავური სინათლის 90%-ზე მეტი საბოლოოდ გამოსხივების ამ ფონის მიერ შთაინთქმება.

9 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გამა სხივების შესახებ მოდის 739 ბლაზარისგან, სუპერმასიური შავი ხვრელისგან, რომელიც სამყაროში გამა სხივების ნაკადებს გამოათავისუფლებს. ზოგიერთი მათგანი დედამიწიდან შედარებით ახლოს მდებარეობდა, ზოგი კი შორეული იყო, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოსხივება სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე დაიწყო და დედამიწამდე მოსაღწევად მილიარდობით წელი დასჭირდა.

ამგვარად, თუ ავიღებთ დედამიწიდან სხვადასხვა მანძილზე მყოფ ბლაზარებს და დავაკვირდებით, თუ რამდენი გამოსხივება დაიკარგა გზაში, შესაძლებელია ხდება სამყაროს ევოლუციის სხვადასხვა პერიოდების ტოტალური ვარსკვლავური სინათლის დადგენა.

კვლევის თანახმად, ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესმა უმაღლეს წერტილს დაახლოებით 11 მილიარდი წლის წინ მიაღწია და მას შემდეგ იკლებს. ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყოველ წელს დაახლოებით შვიდი ახალი ვარსკვლავი წარმოიქმნება. 

"სხვადასხვა მანძილზე მყოფი ბლაზარების სინათლის სხვადასხვა პერიოდებში გაზომვით, ჩვენ გავზომეთ ტოტალური ვარსკვლავური სინათლე თითოეული ეპოქისთვის; ერთი მილიარდი წლის წინ, ორი მილიარდი წლის წინ, ექვსი მილიარდი წლის წინ და ასე შემდეგ, იმ პერიოდამდე როცა ვარსკვლავები პირველად ჩამოყალიბდა." - ამბობს კვლევის თანაავტორი ვაიდეჰი პალია. 

739 ბლაზარის მდებარეობა

 

კომენტარები