ჰოლანდიის სასამართლო

ჰოლანდიის სასამართლომ 69 წლის კაცს ასაკის 20 წლით შემცირებაზე უარი უთხრა

Roland Heitink/AFP/Getty Images

ჰოლანდიის სასამართლომ 69 წლის კაცს ასაკის 20 წლით შემცირების მოთხოვნაზე უარი უთხრა.

ჰოლანდიელი ემილ რეითელბანდის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 3 დეკემბერს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ასაკს გარკვეული უფლებები და ვალდებულებები აქვს მიბმული. მათი თქმით, თუკი მამაკაცს ასაკს ოფიციალურად შეუცვლიდნენ, მაშინ ასაკობრივი საზღვრები სრულიად უმნიშვნელო გახდებოდა. 

"ბატონი რეითელბანდი თავისუფალია იმაში, რომ თავს გრძნობდეს 20 წლით ახალგაზრდად, ვიდრე ის რეალურად არის და მოიქცეს შესაბამისად. თუმცა, მისი ასაკის 20 წლით შემცირებით, მისი მონაცემები უნდა გამქრალიყო შობადობის, სიკვდილიანობისა, ქორწინებისა და რეგისტრირებული პარტნიორობის სტატისტიკიდანაც. ეს მრავალ არასასურველ ზეგავლენებს გამოიწვევს კანონმდებლობასა თუ საზოგადოებაზე," - წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, სასამართლომ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ ადამიანებმა თავი უფრო ჯანმრთელად იგრძნონ უფრო დიდხანს, თუმცა მათთვის ეს ვალიდური არგუმენტი არაა იმისათვის, რომ ადამიანის დაბადების თარიღი ოფიციალურ დოკუმენტებში შეცვალონ. განცხადებაში, ასევე, ეწერა, რომ რეითელბანდმა ვერ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ ის ასაკობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო და იქვე განმარტა, რომ ასეთ შემთხვევებში, დისკრიმინაციიდან თავის ასარიდებელი სხვა მრავალი საშუალება არსებობს და ადამიანის დაბადების თარიღის შეცვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

რეითელბანდმა დაიფიცა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა. 

"არაჩვეულებრივია! სასამართლოს გადაწყვეტილება არაჩვეულებრივია, რადგან მათ მრავალმხრივი კუთხით წარმოადგინეს ეს ამბავი და ჩვენ ამ კუთხეებს გამოვიყენებთ, როცა გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,"- თქვა რეითელბანდმა. 

მისივე თქმით, ის პირველია იმ "ათასობით ადამიანს შორის, ვისაც ასაკის შეცვლა სურს".

ჰოლანდიელმა ემილ რეითელბანდმა სასამართლოს ნოემბრის დასაწყისში მიმართა მოთხოვნით, მისთვის დაბადების თარიღად 1949 წლის 11 მარტის ნაცვალდ 1969 წლის 11 მარტი ჩაეწერათ. მამაკაცი ამბობდა, რომ ის თავს 20 წლით ახალგაზრდად გრძნობდა და ასაკის შეცვლით სექსუალურ პარტნიორებთან შეხვედრისა და ახალი სამსახურის პერსპექტივების გაზრდა სურდა. ცვლილების მოთხოვნას ის ტრანსგენდერი ადამიანების სქესის შეცვლის მოთხოვნას ადარებს.

"ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც შეგიძლია შეიცვალო სახელი და სქესი, რატომ არ შემიძლია, გადავწყვიტო ჩემი ასაკი?" - კითხულობდა რეითელბანდი. 

ქვეყნის ოფიციალური პირები ამ საკითხს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ. მათი აზრით, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ადამიანს დაბადების თარიღის შეცვლის უფლებას მისცემს. 

კომენტარები