ხანძარი ბავშვთა სამყაროში

პროკურატურა: "ბავშვთა სამყაროს" საქმეზე დასაკითხი 799 მოწმიდან 300-ზე მეტი უკვე დაიკითხა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სავაჭრო სახლ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორისა და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარემ სასამართლოს იმ მტკიცებულებათა შეთანხმებული ჩამონათვალი წარუდგინა, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.

"შეთანხმების შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი 341 პირის გამოკითხვის ოქმები და მათთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, რაც ხელს შეუწყობს საქმის უფრო სწრაფად განხილვას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, სასამართლო პროცესის შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა და მათი უფლებების დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე მოითხოვეს, რაზეც პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა.

უწყების ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" დირექტორისა და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის საქმეზე ამჟამად სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება. პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხად წარდგენილი 799 პირიდან უკვე დაკითხულია 300-ზე მეტი მოწმე.

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობის ნაწილს ცეცხლი 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში გაუჩნდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის "ბაზრობა ნიუ მოლის" სრული ფართობის ნაწილში ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა შეუძლებელი აღმოჩნდა. უწყების ინფორმაციით, შედეგად, ხანძარი გავრცელდა "ბაზრობა ნიუ მოლის" მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში, რამაც ამ შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, ბრალი "ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს წარედგინა. ის დაკავებულია. ასევე დაკავებულია საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მ.თ. მას ბრალდება გულგრილობას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები