შსს

რა ევალებათ მართლწესრიგის ოფიცრებს, რომლებმაც მუშაობა დღეიდან დაიწყეს

შსს

დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყებს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის ახალი დანაყოფია, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც უწყებაში მოძველებულს უწოდებენ.

მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობა და ფუნქციები იქნება:

  • სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციული ღონისძიებები და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  • კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება.
  • კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება.
  • დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
  • ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შესაბამის სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

შსს-ში ამბობენ, რომ მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. უწყება განმარტავს, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა მოსახლეობასა და პოლიციას შორის პარტნიორობის გაღრმავებას გულისხმობს, ასევე დანაშაულის პრევენციას საზოგადოების წევრებისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობით.

გარდა ამისა, სამინისტროს თქმით, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია დანაშაულსა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ყურადღებას საპოლიციო სერვისების მიწოდების გზით ამახვილებს, რომელიც ტრადიციული საპოლიციო საქმიანობის ელემენტებთან ერთად, პრევენციას, პრობლემის მოგვარებას, საზოგადოების ჩართულობასა და პარტნიორობას მოიცავს.

"მხოლოდ სამართალდამცავები ვერ შეძლებენ მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირებას/მოგვარებას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და ერთობლივი ძალებით საჭირო გამოსავლის ძიება", - აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, მართლწესრიგის ოფიცრები მოქმედი თანამშრომლებიდან შეარჩიეს, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან მუშაობა დაიწყეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ პარალელურად, გამოცხადებული იყო ვაკანსია და მართლწესრიგის ოფიცრები მოსახლეობიდან ღია კონკურსით შეარჩიეს, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მათი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნონ მოქალაქეებზე და თავიდან აირიდონ დანაშაული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური, პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი - მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. დღეს თქვენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში იწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და ჩვენ მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე და უზრუნველყოთ პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული. სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე", - აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრმა მართლწესრიგის ოფიცრებს ასევე უთხრა, რომ მათ ისეთი ნდობა უნდა მოიპოვონ, რომ თითოეული ოჯახი მზრუნველ მეგობრად უნდა აღიქვამდეს.

"მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ეს ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი მათზე მზრუნველ მეგობრად აღგიქვამდეთ. ეს არის ღირსეული მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენ პირველ ნაბიჯებში წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკ-ჯგუფები და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა.

გარდა ამისა, კახაბერ საბანაძე აღნიშნავს, რომ მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მოსახლეობისთვის საპოლიციო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდება იქნება.

"მართლწესრიგის ოფიცრები მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებთან. მჭიდრო კონტაქტი ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე იქნება შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. რაც მთავარია, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულის პრევენციული საქმიანობის განხორციელება", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით მთელ საქართველოში დაინერგება.

ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ დღეს სამსახური 63-მა ოფიცერმა დაიწყო და პარალელურად, გამოცხადებულია ვაკანსიაც. საბოლოოდ, სულ მართლწესრიგის 365 ოფიცერი იქნება. უკვე მოქმედებს მართლწესრიგის ოფიცერის ვებგვერდი - officer.ge

კომენტარები