დონალდ ტრამპი

ტრამპს ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებთან გამალებული შეიარაღების შეჩერებაზე საუბარი სურს

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ჩინეთთან და რუსეთთან გამალებული შეიარაღების შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს:

"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მე და პრეზიდენტი სი, რუსეთი პრეზიდენტ პუტინთან ერთად, დავიწყებთ მოლაპარაკებებს იმის შესაჩერებლად, რაც უკვე გამალებულ შეიარაღებაში გადაიზარდა. აშშ-მა წელს 716 მილიარდი დოლარი დახარჯა. სიგიჟეა!"

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა ტრამპმა რამდენიმე დღით ადრე გააუქმა და მიზეზად რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების და მეზღვაურების დატყვევება დაასახელა.

დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბერში განაცხადა, რომ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების შეთანხმებას დატოვებს.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები