NASA

NASA-ს ზონდმა ასტეროიდ ბენუმდე მიაღწია

ასტეროიდი ბენუ

ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ნასას ზონდმა ასტეროიდ ბენუმდე მიაღწია. კოსმოსურმა ხომალდმა "Osiris-Rex" 122 მილიონი კილომეტრი დაფარა, ამჟამად ასტეროიდისგან 19 კილომეტრის მანძილზეა და მისი ორბიტაზე 31 დეკემბერს მოხვდება. 

ზონდი 500 მეტრის სიგანის ასტეროიდის ორბიტაზე 2.5 წელს გაატარებს და მის ზედაპირს და შემადგენლობას შეისწავლის. "Osiris-Rex" ასტეროიდზე 60 გრამ მტვერს და ქვიშას შეაგროვებს, რომელიც სტერილურ კაფსულაში მოთავსდება და დედამიწას 2023 წელს დაუბრუნდება. 

კოსმოსური ხომალდი ასტეროიდზე არ დაეშვება, არამედ სამი მეტრის სიგრძის მექანიკურ მხარს გამოიყენებს, რათა ზედაპირზე მტვრის ნაწილაკები შეაგროვოს. 2021 წელს ნიმუშების კონტეინერი გამოეყოფა ზონდს და დედამიწისკენ აიღებს გეზს. ნიმუშების კოლექცია იუტაში პარაშუტით დაეშვება. 

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ მისიის შემდეგ უფრო მეტს გაიგებენ მზის სისტემაში წყლის და ორგანული მოლეკულების წარმოშობის შესახებ.

"#კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბენუზე! ორწლიანი მოგზაურობის და ათწლიანი დაგეგმვის და ჩემი ჯგუფის მუშაობის შემდეგ- მე აქ ვარ. მაგრამ ჩასვლა მხოლოდ დასაწყისია..." - დაწერეს დღეს გუნდის მკვლევრებმა მისიის თვითერის ანგარიშზე.

ასტეროიდ ბენუს ქვიშა დედამიწაზე ციური სხეულიდან ჩამოტანილი ყველაზე დიდი ნიმუში იქნება აპოლოს ასტრონავტების მიერ 1960-1970 წლებში მთვარის ქვების ჩამოტანის შემდეგ. ამ მასალის შესწავლით მეცნიერები გამოიკვლევენ მზის სისტების ადრეული ისტორიიას და ბენუს მსგავსი ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდების როლს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაში. 

კომენტარები