კალინინგრადი

კალინინგრადში იმანუელ კანტის ძეგლს, საფლავს და მემორიალურ დაფას საღებავი გადაასხეს

Facebook

კალინინგრადში გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის ძეგლს საღებავი გადაასხეს.

ძეგლი იმანუელ კანტის სახელობის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის წინ დგას. მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყარეს ფურცლები, რომელზეც სავარაუდოდ სტუდენტებისადმი მიმართვაა დაბეჭდილი:

"თქვენ სწავლობთ კედლებში, რომელიც მტრის სახელს ატარებს! კანტმა გაყიდა რუსული მიწა, რომელმაც ის მიიღო. უარი თქვით მის დამპალ სახელზე, გაანადგურეთ დაფები, ამოშალეთ უცხოების სახელები თქვენი დოკუმენტებიდან." წერია ფურცლებზე.


ფოტო: Facebook

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საღებავი გადაასხეს კანტის საფლავს, რომელიც საკათედრო ტაძართან მდებარეობს და მემორიალურ დაფასაც, რომელიც კალინინგრადში, ლენინის პროსპექტზეა მდებარე სახლზეა განთავსებული, სადაც ფილოსოფოსი ცხოვრობდა.

უცნობია ვინ დგას ამ ვანდალისტური აქტის უკან.

ცნობილია, რომ განიხილება კალინინგრადის აეროპორტისათვის კანტის სახელის მინიჭებაც. დუმას დეპუტატის, მარატ ბარიევის თქმით ეს დაუშვებელია და დიდი სამამულო ომის ვეტერანების შეურაცხყოფა იქნება.

ბალტიის ფლოტის მოსამსახურეებს მოუწოდებენ ხმა არ მისცენ აეროპორტისათვის კანტის სახელის მინიჭებას. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ვიცე-ადმირალი ამბობს:

"ყველანი ლაპარაკობენ კანტი, კანტი, ფილოსოფოსი, კიდევ რაღაც - ამ ადამიანმა გაყიდა თავისი სამშობლო, მუხლებზეც კი დადგა, რომ მისთვის კათედრა მიეცათ უნივერსიტეტში, რომ იქ ესწავლებინა. წერდა რაღაც გაუგებარ წიგნებს, რომლებიც აქ მყოფთაგან არავის წაუკითხავს და არც არასდროს წაიკითხავენ."

გერმანელი ფილოსოფოსი, იმანუელ კანტი 1724 წელს კიონიგსბერგში დაიბადა, რომელიც ჯერ პრუსიას, შემდეგ კი გერმანიას ეკუთვნოდა. ის ამავე ქალაქში 1804 წელს გარდაიცვალა. კიონიგსბერგი საბჭოთა კავშირმა 1945 წელს დაიპყრო და კალინინგრადი დაარქვა.

კომენტარები