ომეგა ჯგუფის და იბერიას საქმე

"ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ კომპანიის საწარმო კვლავ შეჩერებულია

იმედი

"ომეგა ჯგუფის" ინფორმაციით, საწარმოს მუშაობა კვლავ გააჩერეს. კომპანიის გენერალური მენეჯერის თქმით, 12 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განათავსეს შეკვეთა და სიგარეტისთვის აქციზური მარკები მოითხოვეს. ლევან აღდგომელაშვილი განმარტავს, რომ შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა იმავე დღეს დაადასტურა, თუმცა არ გასცა ინვოისი, რომლის მიხედვითაც უნდა გადაეხადა კომპანიას თანხა.

"ომეგა ჯგუფში" ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში ინტენსიურად უკავშირდებოდნენ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ასევე კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას", რომელსაც აქციზური მარკების გაცემა ევალება, რადგან შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორია.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, 27 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს წერილობითაც მიმართეს და ითხოვეს განმარტება, თუ რატომ არ ეძლეოდათ მოთხოვნილი აქციზური მარკების გადასახდელი ინვოისი. 29 ნოემბერს კი იმავე შინაარსის წერილი კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიასაც" გაუგზავნეს და მიზეზების ახსნა მოითხოვეს.

"30 ნოემბერს, შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიასგან" მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომლის თანახმად, გვეცნობა, რომ "ომეგა ჯგუფის" შეკვეთა, რომელიც იყო დადასტურებული, გაუქმდა და სტატუსი გახდა "გადაუხდელი - გაუქმებული". ჩვენს კომპანიას არ მიუღია აქციზური მარკები იმის გამო, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა და შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიამ", გაურკვეველი მიზეზით, კომპანიას განზრახ არ მიაწოდეს ინვოისი შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელად", - თქვა "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, გუშინ, 3 დეკემბერს, "ომეგა ჯგუფმა" შემოსავლების სამსახურის ვებგვერზე კვლავ განათავსა ახალი შეკვეთა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზურ მარკებზე, რომლის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა.

"ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია" შეთანხმებულად და მიზანმიმართულად მოქმედებენ, რათა კომპანიას არ მიეცეს საშუალება კანონით დადგენილი წესით შეიძინოს წარმოებისათვის საჭირო აქციზური მარკები.

"სწორედ ამგვარი არაკანონიერი ხელშეშლის შედეგია, რომ ომეგა ჯგუფის საწარმო დღესაც გაჩერებულია და ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ დასაქმებულები, ისევ უმუშევრად არიან დარჩენილები", - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.

​მისივე თქმით, 3 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს მიმართეს და მოითხოვეს "დაუყოვნებლივ იქნას აღმოფხვრილი "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო ქმედებები".

კომპანიის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "ომეგა ჯგუფი" იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალება, რათა კანონის დამრღვევებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება მოითხოვოს.

გარდა ამისა, ლევან აღდგომელაშვილმა დღეს თქვა, რომ ყველა მიმოწერის ასლი ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან გაგზავნეს.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფმა" 26 ოქტომბერს 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა. უწყება ამბობდა, რომ მათ გაითვალისწინეს კომპანიის მოთხოვნა და ინკასო მოხსნეს, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, იმ დროის მდგომარეობით "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 52.8 მილიონ ლარს აჭარბებდა.

ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით კი, მის კომპანიას ბიძინა ივანიშვილის "ქართუმ" არჩევნებამდე 2 დღით ადრე 8 მილიონამდე ლარი გადაურიცხა, ჩამოაწერეს ბიუჯეტის ვალი და სანაცვლოდ მოითხოვეს ეთქვა, რომ ფარული ჩანაწერების შეგროვება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

კომენტარები