უკრაინის მოქალაქეების დაკავება

ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა-შენახვა ედებათ. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ბრალის წარდგენის დოკუმენტს ხელმოწერის ნაცვლად, "Слава Україні" დააწერეს. 

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პირები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, დაკავებამდე უკრაინელებს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, სამართალდამცველები არიან. 

"არ ეთანხმებიან ბრალს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები ჩაუდეს და მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება. თვითონაც გაოგნებულები არიან, ვინაიდან სხვა მიზნებით, ტურისტული მიზნებით იყვნენ ჩამოსულები. ერთერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მეორეს, ასე ვთქვათ, ქართული ფესვები აქვს. აქ თავისი წინაპრების ნახვა უნდოდა,"- ამბობს ადვოკატი ვიტალი მირზოევი. 

2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა და ალიანსში", სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომელიც თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებაში ამბობდა, რომ შვიდივე დაკავებული უკრაინის მოქალაქე იყო.

შსს-ის ცნობით, სასტუმროს ჩხრეკისას უწყებას ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღო. 

კომენტარები