საფრანგეთი

საფრანგეთში საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 6 თვით გადაიდო

Reuters

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის თქმით, საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 6 თვით გადაიდო.

"ფრანგებს, რომლებმაც ყვითელი ჟილეტები ჩაიცვეს გადასახადების შემცირება სურთ და მუშაობენ იმისათვის, რომ გადაიხადონ. ჩვენც ეს გვსურს. თუ ვერ შევძელი ამის სახსნა, თუ მმართველმა უმრავლესობამ ვერ შეძლო ფრანგების დარწმუნება, რაღაც უნდა შეიცვალოს." თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

ფილიპის თქმით 6-თვიან პერიოდში ამ საკითხს განიხილავენ და სხვა ზომებზე იმსჯელებენ.

ემანუელ მაკრონი პროექტს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა მას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

"ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს. ტრიუმფალურ თაღზე მომიტინგეებმა წარწერები გააკეთეს: "ამაზე ნაკლებისთვის თავებს ვკვეთდით" და "დაამხეთ ბურჟუაზია".

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.

კომენტარები