არჩევნები 2018

"თავისუფალი დემოკრატები": დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარული წესის გაუქმებისთვის

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს და ამისათვის შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს.

პარტიის თქმით, ასეთი ცვლილებების ინიცირებას ან პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა სჭირდება, ან 200 000 ადამიანის ხელმოწერა. "თავისუფალი დემოკრატების" ვარაუდით, ხელისუფლება ასეთ ცვლილებებს არ დათანხმდება და ერთადერთი გამოსავალი ხელმოწერების შეგროვებაა.

"ჯერჯერობით მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი ცვლილების ინიცირებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა აღტაცებულია არჩევნებში მიღწეული, უფრო ზუსტად, მითვისებული წარმატებით, უიმედოდ გამოიყურება პერსპექტივა, რომ ხელისუფლება დათანხმდება ასეთი ცვლილების წარდგენას თავისი უმრავლესობის მიერ. ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად რჩება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა 200 000 ხელმოწერის შეგროვება", - აღნიშნავენ "თავისუფალი დემოკრატები".

პარტიაში ამბობენ, რომ ეს იქნება ამომრჩევლის ნების გამოვლენა, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებას "ოდნავ მაინც დამაჯერებელი" არგუმენტის გამონახვა გაუჭირდება. ამიტომ, ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყონ სულ მცირე, 200 000, უკეთეს შემთხვევაში კი, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერის შეგროვება. ხელმოწერების შეგროვების მიზანი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით მაჟორიტარული საარჩევნო წესის გაუქმება იქნება.

"პარალელურად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო სექტორის და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით უნდა დავიწყოთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ძალითაც უფრო სამართლიანი რეგულირების ქვეშ მოექცევა პარტიათა დაფინანსებისა და საარჩევნო ხარჯების აღრიცხვის წესი, მკაცრი პასუხისმგებლობა იქნება დადგენილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის, შეიცვლება ამგვარი რესურსის გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი, უფრო მკაფიო ნორმები იქნება დადგენილი ამომრჩეველთა მოსყიდვისათვის და შესრულდება სხვა რეკომენდაციები, რომლებიც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა განვლილი არჩევნების შეფასებისას წარმოადგინეს", - ამბობენ პარტიაში.

გარდა ამისა, "თავისუფალი დემოკრატები" აღნიშნავს, რომ აუცილებელია მრავალმხრივი აქტიური პოლიტიკური ქმედება და არა მხოლოდ საპროტესტო აქციების გზით.

"აუცილებელია აქტიური, მრავალმხრივი პოლიტიკური ქმედება არა მხოლოდ საპროტესტო აქციების გზით,თუმცა ამგვარის ლეგიტიმურობას ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ, რათა საქართველო ჯეროვნად მოემზადოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის, ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის და თანხმობის დამკვიდრების გზას და, შესაბამისად, განაგრძოს წინსვლა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის მიმართულებით", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"თავისუფალი დემოკრატები" აფასებს საპრეზიდენტო არჩევნებსაც და ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო შეფერხება და გადახვევა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზიდან.

"2012 წლის შემდგომ ჩატარებული არჩევნებიდან ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის თანხმობის მიღწევის ნაცვლად გამოიწვია საზოგადოების კიდევ უფრო ღრმა გათიშულობა და ერთმანეთისადმი შეურიგებლად დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფა. არჩევნებში მონაწილე ორივე მთავარი პოლიტიკური ძალის მიერ საჯაროდ წარმოებულმა, სიძულვილის ენით, შეურაცხყოფითა და მუქარით აღსავსე ნეგატიურმა კამპანიამ ცივილიზებულ საზოგადოებაში ქცევის ყველა ნორმა დაარღვია. კონკურენტისგან ქვეყნისა და საზოგადოების მთავარი, დაუძინებელი და ამიტომ დაუყოვნებლად გასანადგურებელი მტრის ხატის შექმნა იყო პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალა ერთნაირად თავშეუკავებლად იყენებდა ერთმანეთის წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები