აშშ-ის სენატი

სენატმა ხაშოგის საქმეზე CIA-ს მოუსმინა, სენატორების აზრით მუჰამედ ბინ სალმანი დამნაშავეა

dailypolitical.com

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯინა ჰასპელის მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თაობაზე დასკვნის წარდგენის შემდეგ სენატორების ნაწილი დარწმუნებულია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი მკვლელობაში იყო გარეული.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა თქვა, რომ მუჰამედ ბინ სალმანი შეშლილია და საშიში და დარწმუნებულია, რომ მკვლელობის თანამონაწილეა. მისივე თქმით ის მხარს ვერ დაუჭერს საუდის არაბეთის მონაწილეობას იემენის ომში და მათთვის იარაღის მიყიდვას, სანამ მუჰამედ ბინ სალმანი ხელისუფლებაშია.

გრემის პოზიციას იზიარებს დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესიც. მისი აზრით აშშ-მა ნათელი მესიჯი უნდა გაგზავნოს, რომ მსგავსი ქმედებები მსოფლიო სცენაზე მიუღებელია.

"0 ეჭვი მაქვს გონებაში იმის თაობაზე, რომ მკვლელობის ბრძანება მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა. ის რომ სასამართლოს წინაშე იყოს, დამნაშავედ 30 წუთში ცნობდნენ." თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა.

სენატი საუდის არაბეთისათვის იემენის ომში სამხედრო დახმარბის შეწყვეტას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან კავშირის გამო 21 პირი დააკავა, 11-ს ბრალად უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობა ედება, მათგან 5-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლებიც, თუმცა სამეფო ოჯახი მკვლელობასთან კავშირს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში არ არის სამხილები, რომლებიც ტახტის მემკვიდრეს მკვლელობასთან პირდაპირ აკავშირებს, თუმცა ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. თურქული გამოცემა Hurriyet წერს, რომ CIA-ს აქვს ჩანაწერი, სადაც მუჰამედ ბინ სალმანი ხაშოგის "სასწრაფოდ გაჩუმებას" მოითხოვს.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა სენატორებს უთხრეს, რომ მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.

ამავე პოზიციაზეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს არ დაუდგენია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან რაიმე კავშირი აქვს.

"მე მაქვს ანგარიში. მათ არ დაუდგენიათ, არ ვიცი ვინმე შეძლებს თუ არა დაადგინოს, რომ ეს პრინცმა მუჰამედმა გააკეთა. გააკეთა ეს თუ არა, ის ამას სასტიკად უარყოფს. მისი მამაც, მეფეც სასტიკად უარყოფს." უთხრა მან ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო 17 პირს სანქციები უკვე დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით სანქციების სიაში შესული პირები საუდის არაბეთის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ და მათ შორის რამდენიმე სამინისტროების და მთავრობის თანამდებობის პირია.

კომენტარები