ნარკოდანაშაული

შსს: 3 კგ კოკაინი და 0.5 კგ ჰეროინი ამოვიღეთ - დავაკავეთ პორტუგალიის და ირანის მოქალაქეები

პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოიღო 3 კილო და 100 გრამი "კოკაინი" და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე "ჰეროინი“.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ს.გ. და 1989 წელს დაბადებული პ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები