სექსუალური შევიწროება

73 წლის მასწავლებელს, ვისაც მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პირობითი მიესაჯა

skywritingservice.com

73 წლის მასწავლებელს, რომელსაც ერთ-ერთი რეგიონის მე-11 კლასელი მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

​როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, ამის მიზეზი ბრალდებულის აღიარება და დაზარალებულის თანხმობა გახდა.

"ვინაიდან ბრალდებული პირი არ იყო ნასამართლევი, ის არის 73 წლის, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, ამასთან წარმოადგინა ნოტარიული თანხმობა, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნდა არანაირი პრეტენზია, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 1 წლით პირობით მსჯავრზე, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 18 თვით ითვალისწინებს", - ამბობენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

ტაბულას ინფორმაციით, საქმეზე სასამართლო პროცესი 6 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხვალინდელი პროცესი გაუქმდა.

​იმის შესახებ, რომ მოსწავლე გოგო მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, 8 ნოემბერს გახდა ცნობილი. პროკურატურამ დაადასტურა, რომ 70 წლამდე მასწავლებელი 25 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც იძულებას გულისხმობს. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც კაცს პატიმრობა შეუფარდა და შესაბამისად, ის საპროცესო შეთანხმებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტროც. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გათავისუფლებულია.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი - იძულება, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ეს ქმედება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 18 თვემდე.

კომენტარები