ონკოლოგია

მეცნიერებმა კიბოს 10 წუთიანი უნივერსალური ტესტი შექმნეს

0 კომენტარი
კიბოს უჯრედი გაყოფის პროცესში

ჟურნალ Nature communication-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ავსტრალიელმა მკვლევრებმა შექმნეს 10 წუთიანი ტესტი, რომელსაც კიბოს უჯრედების ამოცნობა ადამიანის ორგანიზმის ყველა ნაწილში შეუძლია. 

ქუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოქროს ნანონაწილაკების ხსნარში მოთავსებისას კიბოს დნმ-ს ჯანმრთელი დნმ-სგან განსხვავებული, უნიკალურ სტრუქტურა აქვს. ახალ ტესტს ამ სტრუქტურის ამოცნობა შეუძლია. ეს აღმოჩენა კიბოს დიაგნოსტირებას  შესაძლებელს ხდის გაცილებით ადრე, ვიდრე არსებულ მეთოდებით. კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობის სიხშირეს ზრდის.

"კიბოს დნმ-ის მოლეკულები ჩვეულებრივი დნმ-სგან სრულიად განსხვავებული 3D ნანოსტრუქტურებს აყალიბებენ. ამ აღმოჩენამ მოგვცა შესაძლებლობა შეგვემუშავებინა კიბოს დიაგნოსტირების ახალი არაინვაზიური მიდგომა ნებისმიერ ქსოვილში." - წერს კვლევის ავტორი პროფესორი მეტ ტრაუ თავის განცხადებაში

ტესტის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე დაგეგმილია მასშტაბური კვლევები. აქამდე მან წარმატებით იმუშავა 200-ზე მეტ ქსოვილზე და სისხლის ნიმუშზე და კიბოს უჯრედები 90%-იანი სიზუსტით გამოავლინა.

ტესტი გამოიყენეს ძუძუს კიბოს, პროსტატის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს და ლიმფომის დიაგნოსტირებისთვის. მკვლევრები დარწმუნებულები არიან, რომ იგივე შედეგს მიიღებენ კიბოს სხვა ფორმებზეც.

"მაღალი გარჩევადობის მიკროსკოპის გამოყენებით ჩვენ შევნიშნეთ, რომ კიბოს დნმ-ის ფრაგმენტები წყალში სამგანზომილებიან სტრუქტურებად იკეცება, რომელიც განსხვავდება იმისგან, რასაც ვაკვირდებით, როცა წყალში ქსოვილის ნორმალური დნმ-ია გახსნილი"-ამტკიცებენ მკვლევრები. 

"ამ მეთოდის მთავარი უპირატესობაა, რომ ის ძალიან იაფია და უკიდურესად მარტივია ჩასატარებლად, კლინიკაში მისი დანერგვა საკმაოდ მარტივი იქნება"- წერს ლაურა კარაკოსკა, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი. 

ჯანმრთელი უჯრედი გამართული ფუნქციონირებისთვის იყენებს მოლეკულებს, რომლებსაც მეთილის ჯგუფები ეწოდებათ. ისინი "აჩუმებენ" გენებს, რომლებიც არაა საჭირო და რთავენ გენებს, რომლებიც არის.  მაშინ როცა დნმ ნორმალურ უჯრედში მეთილის ჯგუფებითაა გარშემოტყმული, კიბოს უჯრედებში ისინი მცირე რაოდენობით გვხვდება.

დნმ თავსდება წყალში, რომელიც შეიცავს ოქროს ნანონაწილაკებს, რომლებიც წყალს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. თუ ხსნარში კიბოს უჯრედის დნმ მოხვდება, ის ურთიერთქმედებს ნანონაწილაკებთან ისე, რომ წყალი თავდაპირველ ფერს ინარჩუნებს. თუ ხსნარში დავამატებთ ჯანმრთელ უჯრედებს, მათი დნმ ოქროს ნაწილაკებთან სხვანაირად ურთიერთქმედებს და წყალს ცისფერ შეფერილობას აძლევს. ტესტს კიბოს დნმ-ის უკიდურესად მცირე რაოდენობის აღმოჩენა შეუძლია.

ამჟამად კიბოს დიაგნოსტირებისთვის ექიმს პაციენტის სავარაუდო სიმსივნიდან ნიმუშის აღება ბიოფსიის მეშვეობით უწევს. პროცედურა ინვაზიურია და პაციენტის მიერ სიმსივნის შემჩნევას მოითხოვს ან სიმპტომების შეტყობინებას, რომელსაც ექიმი კიბოს ნიშნებად ამოიცნობს.

ნაკლებად ინვაზიურ ტესტს, რომელიც კიბოს ადრეულ ეტაპებზე გამოავლენს, შეუძლია რადიკალურად გარდაქმნას დაავადების სკრინინგი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები