NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოს წევრობისკენ გზაზე

NATO

4 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე. 

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოს წევრობისკენ გზაზე. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს არმიის გაუმჯობესების, ასევე ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ჩვენ საქართველოში გვაქვს სწავლებისა და მომზადების ცენტრი. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის, იმიტომ რომ ის აძლიერებს ჯარის თავსებადობას ნატოსთან. და შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ თქვა, რომ ისინი განსაკუთრებით მადლიერები არიან საქართველოს ძლიერი კონტრიბუციით ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციაში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო საქართველოს და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად და იმის სათქმელად, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ", - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტების კითხვებს რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებითაც უპასუხა. ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული გემები და ეკიპაჟი. 

"ეს შეხვედრა, თავისთავად, რუსეთისთვის გაგზავნილი მნიშვნელოვანი მესიჯია. იმიტომ რომ, ნატოს ყველა მოკავშირეს და ზოგიერთი მათგანი ორმხრივად იმყოფება შავ ზღვაზე, ასევე ნატოს წევრია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სამი სახელმწიფო. ნატოს ყველა მოკავშირე შეხვდა უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებს და ჩვენი მხარდაჭერის შესახებ ძალიან მკაფიო მესიჯები მიაწოდეს. ჩვენ წარმოდგენილები ვართ საქართველოსა და უკრაინაში და მზად ვართ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ თანამშრომლობა როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან. ჩვენ, როგორც უკვე ვთქვი, გავაგრძელებთ რეგიონზე დაკვირვებას და მისი განვითარების შესწავლას და ამის შემდეგ, ჩვენი დასკვნებიდან გამომდინარე, გავაგრძელებთ რეგიონში ჩვენი ყოფნის შეფასებას. 

ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს მივიღებთ რუსეთის ყირიმის ანექსიას და იმას, რომ რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას. და ჩვენ უნდა გავიგოთ, რა მოხდა აზოვის ზღვაში ამ კონტექსტში, იმიტომ რომ თავდაპირველად რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, შემდეგ ააგეს ხიდი და შემდეგ ყირიმის ანექსია და ხიდის უკანონოდ აგება აზოვის ზღვაზე კონტროლის დასამყარებლად გამოიყენეს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, გაათავისუფლოს დაკავებული გემები და ეკიპაჟი და ასევე, მისცეს უკრაინულ როგორც სამხედრო, ისე კომერციულ გემებს აზოვის ზღვაზე წვდომა. იმიტომ რომ, რეალურად, ეს არის უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებაა და რუსეთი ვალდებულია, ამას პატივი სცეს. ასე რომ, ბლოკადის ნებისმიერი მცდელობა, შეაფერხოს უკრაინული გემების წვდომა აზოვის ზღვაზე, იქნება ორ ქვეყანას შორის შეთანხმების აბსოლუტური დარღვევა. ეს არის ახალი მაგალითი იმისა, როგორ არ სცემს რუსეთი პატივს თავისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები